ფეხბურთი

0:19 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "ჩემი აზრით, საქართველოსთან ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მატჩი იქნება"
თურქეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფზე ისაუბრა

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ევრო 2024-ზე ჯგუფში მყოფი მეტოქეების შესახებ ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული თამაში საქართველოს ნაკრებთან ექნებათ.

„ჯგუფში სამი მეტოქე გვყავს, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. რა თქმა უნდა, პირველი თამაში (საქართველოსთან - რედ) ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ, ყველაზე რთულიც იქნება, რადგან საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელმაც დაამტკიცა ერთიანობა თავის გავლილ გზაზე, მათ შორის პლეი-ოფის ფინალშიც. შესაბამისად, ჩემი მხრიდან მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემა იქნება. საქართველო ფიფას რეიტინგში ჩვენზე დაბლაა, მაგრამ თამაშებს ეს არ იგებს.

ისევე, როგორც პორტუგალიასთან ჩვენ არ გვექნება არაფერი დასაკარგი, რომელიც ჩემი აზრით, დიდებული გუნდია და რეიტინგშიც ჩვენზე მაღლაა, მაგრამ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. ჩეხეთმა ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, ტაქტიკურად როგორ თამაშობენ, ფიფას რეიტინგში კი, მეტ-ნაკლებად ჩვენს დონეზე არიან. ასე რომ, ჩვენთვის სამი ფინალი იქნება და ამ მატჩებს სწორი სულისკვეთებით უნდა მივუდგეთ, როგორც ჩემი აქ მოღვაწეობის პირველ პერიოდში ხორვატიის და გერმანიის წინააღმდეგ. ფუნდამენტური იქნება გუნდში და ასევე ქვეყანაში ერთიანი კავშირის შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, გვინდა ჯგუფიდან გავიდეთ, პლეი-ოფში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. ჯგუფში ასევე არიან ჩეხეთი და პორტუგალია. თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს იტალიისა და პოლონეთის წინააღმდეგ.

0.107898