ფეხბურთი

23:20 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ფეხბურთის რეალური პრობლემა აგენტები და მათი შანტაჟია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის სენატში სიტყვით გამოვიდა, სადაც იტალიაში ფეხბურთის რეფორმაზე ვრცლად ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს 6-8 კლუბს ვალებისგან გათავისუფლებაში, რადგან სერია A-ს პრესტიჟს მხოლოდ ეს კლუბები ინარჩუნებენ, სხვა კლუბებს კი მხოლოდ იმის ფუნქცია აქვთ, რომ ლიგაში რაოდენობას ავსებენ (ცნობისთვის, „ნაპოლი“ სერია A-ში მეათე ადგილზეა...).

გარდა ამისა, დე ლაურენტისმა საფეხბურთო აგენტებს შეუტია და თქვა, რომ ფეხბურთის რეალური პრობლემა სწორედ ისინი არიან.

“დანანებით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკოსებს არ მიაჩნიათ საჭიროდ ფეხბურთის ეკონომიკურ სისტემაში ჩარევა, ფიქრობენ, რომ მათ არ შეუძლიათ მილიარდობით ვალის აღმოფხვრა, რომელსაც ფეხბურთი ყოველწლიურად აგროვებს. lega Serie A-ს არასდროს ექნება ძალა, რომ გუნდების რაოდენობა შეამციროს, ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს. სერია A წინ ექვს, მაქსიმუმ 8 გუნდს მიჰყავს, დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, ისინი უბრალოდ ადგილის შემვსები გუნდები არიან. ამიტომ, გვინდა, რომ მთავრობამ დააწესოს წონითი ხმა იმ 6-8 კლუბის სასარგებლოდ, რომლებიც სერია A-ს პრესტიჟისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ. არ შეიძლება, რომ ამ 6-8 კლუბს ვალები ჰქონდეს, ასე ვერ გავაგრძელებთ.

ჩვენ, „ნაპოლიში“ წელი 83-მილიონიანი მოგებით დავხურეთ, მაგრამ რა სირთულეებით? ვერ მოვახერხეთ ინვესტიციის ჩადება აკადემიაში, სტადიონის მშენებლობაზე. ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს სექტორს აღადგინოს ეკონომიკური ენერგია. ამ 6-8 კლუბის ფინანსური სტაბილურობა სარგებელს პატარა კლუბებსაც მოუტანს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ისინი გნენდონ და არ შეგვიქმნან დაბრკოლებები.

ტოტალური ქაოსის პერიოდში, 1986 წელს 16-დან 18 გუნდამდე გავზარდეთ სერია A, შემდეგ 20 გუნდამდე, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის მატჩების რაოდენობა 75-80-მდე გაიზრდება, ფეხბურთელები გამოიფიტებიან და უბრალოდ ვერ შეინარჩუნებენ ტემპს ერთი სეზონიდან მეორემდე.

სტადიონებში ინვესტიციის ჩასადებად საჭიროა გულშემატკივართა ბაზის „დასუფთავება“. ინგლისში სტადიონებიდან „ხულიგნები“ გააძევეს, ჩვენთან კი, არიან გულშემატკივრები, რომლებსაც სტადიონზე საკუთარი კანონები აქვთ. როდესაც ეს საკითხი პოლიტიკოსებთან დავსვი, მათ მითხრეს: „გულშემატკივრები სტადიონზე მიდიან და მათ ჩვენ ვერ ვმართავთ, რადგან არჩევნებში ხმის უფლება აქვთ. ეს სახელმწიფოს მხრიდან სისუსტის ნიშანია, ეს ნიშნავს სტადიონზე სამართალდარღვევის დაშვებას, რადგან ისინი სტადიონს თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევენ, ეს მიუღებელია.

გარდა ამისა, საჭიროა ფეხბურთიდან გავაქროთ აგენტების შანტაჟი, რაც ვალების გამო საფეხბურთო სისტემის რეალური პრობლემაა. ისინი იწვევენ ფეხბურთელების ხარჯების ზრდას. როგორ უნდა ვებრძოლოთ აგენტებს? კანონით დაშვებული უნდა იყოს კონტრაქტის გაფორმება მინიმუმ 8 წლით, რათა კონტრაქტის გაფორმებიდან პირველი-ორი წლის მერე აგენტი არ წავიდეს სხვა კლუბებთან, რათა ფეხბურთელისთვის თავდაპირველ კონტრაქტში მითითებული ხელფასის გაზრდა მოითხოვოს“, - თქვა დე ლაურენტისმა.

აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისის განცხადებას აგენტების შესახებ, იტალიის საფეხბურთო აგენტების ასოციაციამ უპასუხა და განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს კონკრეტული გვარები, ვისაც გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დე ლაურენტისის წინააღმდეგ სამართლებრივ ქმედებას დაიწყებენ.

0.112265