ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,აიამ’’ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს თბილისის ,, ლელოს’’ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძლიერ ქარში წარიმართა, რამაც თამაშის მიმდინარეობას დაღი დაასვა. მორაგბეებს ფეხით თამაში უჭირდათ და სტანდარტული დარტყმების რეალიზაციაშიც მოიკოჭლებდნენ.
თამაში ,,აიამ“ აქტიურად დაიწყო და პირველივე იერიში შედეგიანი გამოუვიდა. მე-2 წუთზე მასპინძლებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დამამთავრებელ ფაზაში გიორგი ფრუიძემ მეტოქის ხაზი გაჭრა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. ბაბუნაშვილს ახლო მანძილიდან გარდასახვა არ გასჭირვებია -7:0.
ანგარიშში ჩამორჩენისთანავე დედაქალაქელებმა შეუტიეს და ჯარიმის დატყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა სტუმრებმა კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინეს და ბურთი გვერდით ხაზზე გადაიტანეს. თავიანთი აუტი თბილისელებმა მოიგეს და მძლავრი ბიძგით მეტოქე ხუთმეტრიან ზონაში შეათრიეს. რიონისპირელები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ. ამჯერად სტუმრებმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს და ყიასაშვილმა ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა -7:3.
თითქმის მაშინვე რიონისპირელებმა საპასუხო იერიში წამოიწყეს, რომელიც სტუმართა დაჯარიმებით დასრულდა, თუმცა ბაბუნაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთის კარის ძელებს შორის გატარება ვერ მოახერხა.
ამის შემდეგ შეხვედრა დედაქალაქელთა უპირატესობით გაგრძელდა. ისინი მეტოქეს ავიწროვებდნენ და რამდენჯერმე მიზანთან ახლოს იყვნენ. ქუთათურებს თავის დაცვა უჭირდათ და წესის დარღვევა უხდებოდათ, რისთვისაც არბიტრმა ყურაშვილი 10 წუთით მოედნიდან გაასინბინა.
კაცნაკლულ მასპინძლებს თბილისელებმა უფრო მძლავრად შეუტიეს. რიცხობრივი უპირატესობა ყიასაშვილმა გამოიყენა და შეტევაში სწრაფი ჩართვით ბურთი მოედნის კიდესთან დაამიწა, თუმცა მანვე რეალიზაცია ვერ გამოიყენა -7:8.
გაშვებულმა ლელომ მასპინძლები საკმაოდ გაააქტიურა, თუმცა სტუმრებმა თამაში დაალაგეს და ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ქუთათურთა უპირატესობა ტაიმის ბოლოს გამოიკვეთა.
36-ე წუთზე რიონისპირელებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. ისინი თბილისელებს მოლით მიაწვნენ და საკუთარი ნახევრიდან მეტოქე 22 მეტრიან ხაზამდე ჩაათრიეს. შემდეგ სწრაფი შეტევით ბურთი საპირისპირო ფრთაზე გადაიტანეს და აფციაურმა მოედნის კიდესთან დაამიწა. გარდასახვა ბაბუნაშვილმა მიზანს ააცილა - 12:8.
ტაიმის ბოლომდე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. თავიანთ სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმის აუტში გადატანის შემდეგ ბურთი ქუთაისლებმა მოიგეს და მძლავრი ბიძგით ხუთმეტრიან ზონაშიც შევიდნენ, თუმცა ბურთი წინ დაუვარდათ და პირველი ტაიმიც დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი კალეიდოსკოპური სისწრაფით დაიწყო. 44-ე წუთზე რიონისპირელებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს. ხუთმეტრიან ხაზთან საკუთარი აუტი წააგეს, რითაც კარგად ისარგებლა ლომთაძემ და ბურთიანად მეტოქის ჩათვლის მოედანში შეირბინა. ყიასაშვილს გარდასახვა ისევ გაუცუდდა - 12:13.
ქუთათურებმა გულშემატკივრები დიდხანს არ ალოდინეს და ორ წუთში საპასუხო სალელოვე შეტევა განავითარეს. სწრაფი კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში ვერცლისწყალივით მოძრავი თემურ თუთბერიძე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. ბაბუნაშვილმა რეალიზაცია იოლად გამოიყენა - 19:13.
ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა რახან სტუმრები მარცხდებოდნენ, ისინი უფრო აქტიურობდნენ. ამას მატკავას მოედნიდან 10 წუთით გაძევება დაერთო და დედაქალაქელთა უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა.
66-ე წუთზე დედაქალაქელებმა საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22 მეტრიან ხაზისკენ მაღალი ბურთი დაჰკიდეს, რომლის დაუფლება ქუთათურებს გაუძნელდათ. ამით კარგად ისარგებლა თბილისელთა კაპიტანმა ლაშა ხმალაძემ და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა. ყიასაშვილმა გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა, თუმცა ამაში კარის ძელი დაეხმარა - 19:20.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროებმა, რიონისპირელებმა მთელი გუნდით შეუტიეს და მეტოქე ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს. რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ მატჩის ბოლოს მათ გამარჯვების 100%-იანი შანსი მიეცათ. სტუმრები ზუსტად საკუთარი კარის წინ დაჯარიმდნენ, მაგრამ კარში დარტყმას ფრუიძემ რატომღაც ხელდახელ შეტევა ამჯობინა. კომბინაცია გაგრძელდა და ქუთათურებმა შორეულ ფრთაზე ბურთი კიკვაძეს გადააწოდეს, რომელსაც სალელოვე შეტევა უნდა დაესრულებინა, მაგრამ მისი შეჩერება კაჭარავამ აკრძალული ილეთით მოახერხა. მსაჯმა წესის დამრღვევი მოედნიდან გააძევა, ხოლო მასპინძელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. რადგან სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო თანაგუნდელებმა ჯარიმის შესრულება და ამასთანავე მატჩის ბედის გადაწყვეტა შეცვლაზე შესულ ჯინჭველაშვილს მიანდვეს. ეტყობა ქუთაისელთა ახალგაზრდა მგეზავმა დაძაბულობას ვერ გაუძლო, საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს ააცილა და გამარჯვების შანსი ქარს გააყოლა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:
ბესო ხამაშურიძე (,,აია’’) - ,,სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. პრაქტიკულად ძალით დავმარცხდით. ასეთი ჯარიმა ასეთ დროს ყოველთვის კარში უნდა დაარტყა.“
ლევან მაისაშვილი (,,ლელო“) - ,,მატჩის წინა პერიოდში ნორმალურად ვერ მოვემზადეთ. მთელი ყურადღება ევროთასის გათამაშებაზე გვქონდა გადატანილი. გუნდს შეთამაშება აკლდა, ამის გამო სათამაშო უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ და კინაღამ დავმარცხდით. მეტოქე ახალგაზრდა მზარდი გუნდია და ცოტა გამოცდილება დააკლდა’’.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. VI ტური.
11 ოქტომბერი. შაბათი. ქუთაისი. ,,აია“. 16:00 საათი. 3 000 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ლელო სარასენსი “ (თბილისი) 19:20 (12:8)
,,აია“: 15. მოდებაძე, 14. აფციაური, 13. კიკვაძე, 12. ფრუიძე, 11. აბრამიძე, 10. ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი 70), 9. თ. თუთბერიძე (ბ. ტორაძე 78), 1. რატიაშვილი 2. მატკავა, 3. გიორგი ტორაძე (ლომსიანიძე 65), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი (დ. ლოსაბერიძე 70), 6. დანგაძე (კ), 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი;
3 ლელო: ფრუიძე, აფციაური, თ. თუთბერიძე;
2 გარდასახვა: ბაბუნაშვილი (2);
სინბინი: ყურაშვილი, მატკავა;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ლელო“: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. ხეცურიანი, 12. კოპაძე (ხეცოიძე 39), 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე (კ), 9. კაჭარავა, 1. სანიკიძე (ჯულაყიძე 65), 2. ლომთაძე (მამისაშვილი 51), 3. მელიქიძე, 4. გოგოლაშვილი, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი (ბ.კოლელიშვილი 50), 7. სურგულაძე, 8 მაისურაძე;
3 ლელო: ყიასაშვილი, ლომთაძე, ხმალაძე;
გარდასახვა: ყიასაშვილი;
ჯარიმა: ყიასაშვილი;
სინბინი: კაჭარავა;
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მთ. მსაჯი: შოთა თევზაძე
თ/მ: მიხეილ მასხარაშვილი, გიორგი ტრაპაიძე;