ფეხბურთი

15:40 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის, "ვალენსიამ" გიორგის შემცვლელი შეარჩია
დიდი ალბათობით, გიორგი "ნიუკასლის" რიგებში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადავიდეს.

ბრიტანული გამოცემა The Times წერს, რომ „კაჭკაჭები“ მზად არიან 23 წლის ქართველ კარის დარაჯში „ვალენსიას“ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც 40 მილიონი ევროა და ესპანელები თანახმა არიან ამ ფასში გიორგი გაასხვისონ.

„ნიუკასლი“ 32 წლის ნიკ პოუპის შემცვლელს ეძებს, რომლის თამაშით მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ უკმაყოფილოა. ინგლისური კლუბის სიაში არის „არსენალის“ მეკარე აარონ რამსდეილიც, მაგრამ ფავორიტი მამარდაშვილია, რომელიც ჰაუს ფავორიტია.

„ნიუკასლში“ კალუმ ვილსონის და მიგელ ალმირონის გაყიდვასაც არ გამორიცხავენ, რათა ახალი ფეხბურთელების შესაძენად შესაბამისი სახსრები გამონახონ.

პარალელურად, ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, რომ „ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელის შესახებ მუშაობა დაიწყო და მოლაპარაკებები აქვს „რაიო ვალეკანოს“ ჩრდილომაკედონიელ მეკარე სტოლე დიმიტრევსკისთან. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ის შეცვლის „ღამურებში“ 23 წლის ქართველ კიპერს.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ 2021 წელს სულ რაღაც 800 000 ევროდ შეიძინა, შესაბამისად, მასში დიდი ფინანსური მოგების ნახვა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ „ჟირონასთან“ საშინაო მატჩის შემდეგ გიორგი თითქოს „მესტალიას“ დაემშვიდობა, რადგან ეს დიდი ალბათობით, მისი ბოლო საშინაო მატჩი იყო „ვალენსიაში“. სეზონს კი, 25 მაისს, „სელტასთან“ საგარეო შეხვედრით დაასრულებს. ქართველმა მეკარემ „ვალენსიას“ კარი დღემდე 99 შეხვედრაში დაიცვა.

0.123879