ტონი კროოსი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ 34 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გააკეთა.
მან მადრიდის რეალის ფანებს მიმართა და მადლობა გადაუხადა განვლილი 10 წლისთვის. კროოსს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ განაახლებს და არც სხვა კლუბში გადავა - ის გერმანიის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ითამაშებს და შემდეგ ფეხბურთს დაემშვიდობება.
„2014 წლის 17 ივლისი - რეალში ჩემი პრეზენტაციის დღე. დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, როგორც ფეხბურთელის და განსაკუთრებით, როგორც ადამიანის. ეს იყო მსოფლიოს უდიდეს კლუბში ახალი თავის დასაწყისი.
10 წლის შემდეგ, სეზონის ბოლოს, ეს თავი დაიხურება. არასდროს დავივიწყებ ამ პერიოდს, რომელიც წარმატებებით იყო სავსე. მადლობა ყველას, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ, ძვირფასო მადრიდისტებო, თქვენი სიყვარულისთვის და სითბოსთვის, რომელსაც პირველიდან ბოლო დღემდე მიჩვენებდით. ჩემი კარიერა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება.
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის სწორი დრო ვიპოვე და შევძელი მისი მიღება. ჩემი ამბიცია ყოველთვის იყო კარიერის მაღალ დონეზე დასრულება“, - დაწერა კროოსმა.
ტონი კროოსს მიუნხენის „ბაიერნში“ (205 მატჩი, 25 გოლი), „ლევერკუზენში“ (48 მატჩი, 10 გოლი) და მადრიდის „რეალში“ (463 მატჩი, 28 გოლი) აქვს ნათამაშები. გერმანიის ნაკრებში კროოსმა 2010 წლიდან დღემდე 108 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. „ბუნდესნაკრებს“ ის 2021 წელს დაემშვიდობა, მაგრამ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
კროოსის კარიერაში იყო უამრავი ტიტულიც: ესპანეთის ჩემპიონატი (4-ჯერ), ესპანეთის თასი (ერთხელ), ესპანეთის სუპერთასი (ოთხჯერ), ჩემპიონთა ლიგა (5-ჯერ და მეექვსეს მოგების შანსი აქვს), ევროპის სუპერთასი (ოთხჯერ), ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი (6-ჯერ), გერმანიის ჩემპიონატი (3-ჯერ), გერმანიის თასი (3-ჯერ), გერმანიის სუპერთასი (ერთხელ) და მსოფლიოს ჩემპიონატი (ერთხელ).