ფეხბურთი

14:55 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ბენიტესმა „ლივერპულის“ მომავალ მწვრთნელ არნე სლოტს რჩევა მისცა

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა რჩევა მისცა მერსისაიდელების მომავალ დამრიგებელს არნე სლოტს.

„პატიოსნებას, შრომისმოყვარეობასა და წარმატებას მოაქვს პატივისცემა და აღფრთოვანება „ლივერპულში.“ რაც არ უნდა იფიქროთ, სწრაფად უნდა გაიგოთ, რას ნიშნავს იყო „ლივერპულის“ მწვრთნელი. ყველა თამაშში მოსალოდნელია მოგება და თუ გაიმარჯვებ და კარგად ითამაშებ, უკვე სამი გოლის სხვაობით მოგებას მოგთხოვენ.

თუ მკითხავთ აზრს იმის შესახებ, რა მოჰყვება არნე სლოტის გუნდში მისვლას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს კონტექსტი, რადგან ახლა „ლივერპული“ უნდა შევადარო 2004 წელს, როცა მივედი.

იურგენ კლოპის მიყოლა ადვილი არ არის, მაგრამ ახალ კლუბში მოსული ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ყოველთვის არის: „რამდენად კარგები არიან ფეხბურთელები?" და „შეძლებენ კი საჭირო სქემაზე მორგებას ისე, როგორც ჩვენ გვინდა ვითამაშოთ?"

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ დაინახა ის თვისებები, რაც მოსწონდა სლოტში. ჩემი ყველაზე დიდი რჩევა მისადმი ან ნებისმიერ სპეციალისტისადმი არის ის, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს, გააცნობიეროს კლუბის კულტურა და ქალაქი, სადაც ის მოდის სამუშაოდ. როგორც კი ამას გაიგებს, პირველ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს და სწორ გზაზე წავა“, - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს The Telegraph.

ნიდერლანდელი სპეციალისტის კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 1 ივნისს შევა მას შემდეგ რაც სლოტი ინგლისში მუშაობის ნებართვას მიიღებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არნე სლოტმა მერსისაიდერებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ამავდროულად, ინგლისური კლუბი „ფეიენოორდს“ 13-15 მილიონ ევროს გადაუხდის კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის კომპენსაციის სახით.

0.121109