ფეხბურთი

1:45 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

GlasgowWorld: კიტეიშვილი არის ფეხბურთელი, რომელსაც "რეინჯერსის" ნახევარდაცვის გაძლიერება შეუძლია

საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი შეიძლება სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდეს და სხვა კლუბში უფასოდ გადავიდეს.

ოთარს „შტურმთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა მას. ამიტომაც, სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ.

GlasgowWorld-მა 37 ნახევარმცველის შესახებ დაწერა, რომლებსაც ზაფხულში „რეინჯერსის“ გაძლიერება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს გამოცემის ვარაუდია, მაგრამ ნიშანდობლივია ის, რომ კიტეიშვილი ამ სიაში პირველ ადგილზეა.

ვებგვერდზე წერია, რომ კიტეიშვილს აქვს საჭირო უნარები, რომ გლაზგოელთა ნახევარდაცვა გააძლიეროს და რაც მნიშვნელოვანია, მისი დამატება კლუბს უფასოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კარიერაში პირველად და პრიზი „კლაგენფურტთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცეს.

მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო.

0.115499