რაგბი

12:16 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა | მე-7 ადგილი მიუნხენში

საქართველოს 7-კაცამ 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნითი ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც დუბაისა (მე-8) და მონტევიდეოს (მე-9) შემდეგ, საუკეთესო შედეგია.

მიუნხენში, თასის მეოთხედფინალში საქართველო სერიის ლიდერს, მომავალ ჩემპიონ ურუგვაის შეხვდა და დებიუტში სერგი ჩხაიძის ლელოთი დაწინაურდა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა. მეტოქემ წონასწორობა ტაიმის შუაში აღადგინა. სამხრეთ ამერიკელები შესვენების წინ კაცნაკლული დარჩნენ, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინბინით უკვე ლევან ნარიმანიძე დაისაჯა და ურუგვაიმ ორი ლელო გაიტანა. მერე ყვითელი ბარათი საბა არჩვაძემ მიიღო, მეტოქემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 24:7 გაიმარჯვა.

შედეგად, მე-7 ადგილისთვის ტონგას შევხვდით. ოკეანეთელები ლელო-გარდასახვით დებიუტში დაწინაურდნენ. საპასუხოდ გიორგი ჯობავამ მცველს ფინტებით თავბრუ დაახვია და საპასუხო ლელო გაიტანა, დავით იმნაძემ კი წონასწორობა აღადგინა. შესვენების წინ საქართველომ ორი რეალური სალელოვე შანსი ვერ გამოიყენა, კონტრშეტევაზე ლელო თავად გაუშვა და მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგამ ლელო-გარდასახვით უპირატესობა 14-მდე გაზარდა. საქართველომ მალევე კარგი კომბინაციის შემდეგ რომან მახათაძის ლელოთი და იმნაძის გარდასახვით უპასუხა. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კუნძულელებმა კიდევ ერთი გარდაუსახავი ლელო გაიტანეს, მაგრამ საქართველო მალევე დაბრუნდა თამაშში. შეტევა თითქოს ჩაიშალა, მაგრამ იმნაძემ კარგად ითამაშა, ფრთაზე ხაზი გაჭრა, ლელომდე 50 მეტრი ირბინა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

მეორე გაწითლებულ დროზე შერკინების შემდეგ კარგი კომბინაცია გავითამაშეთ, გიორგი ჯობავამ ფრთაზე ხაზი გაჭრა, ლელოს გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ კარის წინ გადაცემა სერგი ჩხაიძეს გაუკეთა, რომელმაც თავისივე ლელო გარდასახა და საქართველომ 28:26 გაიმარჯვა.

სამი ეტაპის ჯამში საქართველომ იაპონიის მსგავსად 18 ქულა მოაგროვა, მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა და მე-9 ადგილს დასჯერდა. ჩვენს 7-კაცას ივნისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი ელის, სადაც 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვებას ეცდება.

რაც შეეხება წლევანდელ სერიას, ის ურუგვაიმ მოიგო, რომელმაც მიუნხენში, ფინალში, გერმანია 21:19 დაამარცხა. ურუგვაისთან ერთად, მადრიდში გასამართი მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის საგზური კენიამ, ჩილემ და გერმანიამ მოიპოვეს.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

0.111724