რაგბი

22:33 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

‘არმია’ ელიტაში დაბრუნდა

დიდი 10-ის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრა კოლხეთში გაიმართა. ოზურგეთის ‘არწივებმა’ სათანადო სარაგბო ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, დიდი 10-ის რეგულარული სეზონის საშინაო შეხვედრები ოზურგეთის ნაცვლად ფოთში გამართა და ელიტაში დარჩენაზე გადამწყვეტ შეხვედრაში ‘არმიასაც’ „პარკი არენაზე“ უმასპინძლა. პლეი აუტის პირველი შეხვედრა დედაქალაქში გურულებს 2-ქულიანი სხვაობით (24:22 ) ქონდათ მოგებული.

შეხვედრის საწყისი 30 წუთი ‘არწივების’ მცირე უპირატესობით წარიმართა. ხსენებულ პერიოდში, რომელიც უმეტესად ჯაჯგურითა და ორმხრივი უნებლიე შეცდომებით აღინიშნა, ‘არმიამ’ უჩვეულოდ ბევრი ჯარიმა აიღო, რითაც გურულთა მგეზავმა მარვინ ფრედერიქსმა 2-გზის იხეირა და საკუთარი გუნდი 6:3 დააწინაურა. „არმიელთა“ მხრიდან კი პივოტის ფუნქცია ტრადიციულად ფულბეკმა მერლს პიტერსმა ითავა, ვინაც მატჩის დებიუტში, ასევე ჯარიმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

გუნდები ტაიმის ბოლო 7 წუთში გამოცოცხლდნენ. „არმიელთა“ შუამარბ სანდრო მესხიძეს მეტოქის ლელოსთან წინპასი დაუფიქსირდა, რამაც ‘არწივები’ გარდაუვალ ლელოს გადაარჩინა. აღნიშნულ ეპიზოდში გურულთა ფრთა ჯაბულანი მკულვანის მხრიდან სახიფათო ბოჭვისთვის, მთავარმა არბიტრმა პაპუნა ჭიქაბერიძემ მასპინძლები საკუთარ 5-მეტრიანთან დააჯარიმა. ‘არმიამ’ მოლი კარგად შეკრა და მძლავრი ბიძგით მარბიელმა კოლი ტამანიტოაკულამ მატჩის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც პიტერსმა ზუსტად გარდასახა და პირველი ნახევარი ‘არმიამ’ 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმი კი „არმიელთა“ სრული კარნახით წარიმართა. ‘არწივები’ მძიმედ გამოიყურებოდა და სათამაშო რიტმში დაბრუნება დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა. „არმიელებმა“ კი სათამაშო დისციპლინა აამაღლეს, ტემპს უმატეს და მატჩის მიწურულამდე მეტოქეს მწვავე იერიშის განხორციელების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ მისცეს.

იმის მიუხედავად, რომ 53-ე წუთზე ‘არმია’ კაცნაკლული დარჩა (ბურჯი ბერდია გიგაშვილი მაღალი ბოჭვისთვის იქნა გასინბინებული), ლაშა ბაირამაშვილის ბიჭებმა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს, ძალუმად უტიეს და რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის პერიოდში 10 უპასუხო ქულა აიღეს.

აღნიშნული ეპიზოდის გმირად მერლს პიტერსი იქცა. „არმიელთა“ მგეზავმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ საკუთარი 22-იანის კიდესთან მეტოქეს შეტევა ჩაუჭრა და სისწრაფეზე, ინდივიდუალური გარღვევით დადებული ლელო თავადვე მარტივად გარდასახა – 20:6.

70-ე წუთზე პიტერსმა საკუთარი ნახევრიდან, 53 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ დროში ‘არმიას’ ესოდენ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება არ გაჭირვებია. ‘არმიამ’ მატჩი 23:6 მოიგო, რამაც ქვეყნის ექს-ჩემპიონი დიდ 10-ში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.

‘არმიამ’ სეზონი მძიმედ დაიწყო და პირველი ლიგის რეგულარული სეზონი მე-4 პოზიციაზე ჩაამთავრა. ლაშა ბაირამაშვილის ბიჭები სეზონის მეორე ნახევარში თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებდნენ. „არმიელთა“ მთავარ მწვრთნელის გარჯასთან ერთად, ასევე აღნიშვნის ღირსია გუნდის მენეჯერ ლევან დარასელიას უნარიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა. „არმიელებმა“ პლეი ოფში მიჯრით 3 შეხვედრა მოიგეს, თუმცა ლიგის დიდ ფინალში ‘ტაოსთან’ ხელი მოეცარათ და პლეი აუტში გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ ‘არმიას’ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო უდგას მხარში და მდიდარი სარაგბო ტრადიციების მქონე „არმიელებს“ შორსმიმავალი მიზნები ამოძრავებთ. კლუბის ისტორიაში, ‘არმიამ’ ეროვნულ ჩემპიონატებში 5 პოდიუმი გაახერხა (ქვეყნის ჩეპიონატთა ისტორიაში მე-7 შედეგი), რომელთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას, ტიტულის მოგებით 2011 წელს მიაღწია.

RUGBY.GE

0.114805