ფეხბურთი

21:02 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი და გრაცის "შტურმი" ავსტრიის ჩემპიონები გახდნენ!

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში „შტურმმა“ „კლაგენფურტი“ 2:0 დაამარცხა და ავსტრიის ჩემპიონი გახდა!

ოთარ კიტეიშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, მაგრამ ყველამ ვიცით, თუ რა წვლილი მიუძღვის ამ ტრიუმფში. „კლაგენფურტის“ კარში გოლები მეორე ტაიმში გრეგორი ვიუთრიხმა და ამადი კამარამ გაიტანეს. „შტურმი“ ისტორიაში მეოთხედ, 2011 წლის შემდეგ კი, პირველად გახდა ავსტრიის ჩემპიონი. დასრულდა „ზალცბურგის“ 10-წლიანი ჰეგემონიაც, რომელიც გრაცელებს 2 ქულით ჩამორჩა.

„შტურმმა“ სეზონში დუბლი შეასრულა, რადგან ბუნდესლიგამდე ავსტრიის თასიც მოიგო (ეს ზედიზედ მეორედ). კიტეიშვილი პირველად გახდა ავსტრიის ჩემპიონი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კარიერაში პირველად. მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო. მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომლის გახანგრძლივება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, შეიძლება ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობით "შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ასე რომ, თუ კიტე კონტრაქტს განაახლებს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.12883