ფეხბურთი

19:30 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა (+VIDEO)
ბუდუმ სეზონი 12 გოლით დაასრულა, ნათამაშები წუთებიდან გამომდინარე ეს ძალიან კარგი შედეგია

გერმანიის II ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად „ელვერსბერგი“ 3:0 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძემ კი, საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, თავი კი, 52-ე წუთზე გამოიჩინა, როცა შეტევა წამოიწყო ძალიან ლამაზი პასით და მერე თვითონვე დაასრულა ერთი შეხებით შესრულებული ზუსტი დარტყმით, რითაც ანგარიში გახსნა.

30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა II ბუნდესლიგის სეზონი 30 მატჩში გატანილი 12 გოლით და 1 საგოლე პასით დაასრულა. 12 გოლით ის გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა იგორ მატანოვიჩის შემდეგ, რომელმაც 14-ჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა, ხორვატმა გაცილებით მეტი წუთი გაატარა მოედანზე, ვიდრე ბუდუმ. ვთქვათ ისიც, რომ სეზონში 12 გოლი II ბუნდესლიგაში ქართველებს შორის საუკეთესო შედეგია, აქამდე, ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს ჰქონდათ ერთ სეზონში 10-10 გოლი გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში.

აღსანიშნავია, რომ „კარლსრუეს“ რიგებში ბოლო გოლი ლარს შტინდლის აქტივშია, რომელმაც კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა და ფეხბურთს გოლით დაემშვიდობა.

„კარლსრუემ“ სეზონი 55 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა და ცოტა დააკლდა სამეულში მოსახვედრად.

0.251735