დღეს, დაიწყო ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც აბუ დაბი მასპინძლობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟთა ერთ და ქალთა ორ წონით კატეგორიაში იმართება შეჯიბრება, ტატამიზე კი მხოლოდ ერთი ქართველი გავიდა, გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც ჩემპიონობა არავის დაუთმო.
60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილი, რომელმაც მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და ჯერ ჩრდილოკორეელი კვან ჯინ ჩაე ვაზარით, მერე ტაიპეელი ჩონ იუ ლინი იპონით 15 წამში, ხოლო მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რომელიც შებოჭვაზე დაიჭირა, ხოლო ნახევარფინალში გიორგი იაპონელ ტაიკი ნაკამურას შეხვდა, რომელსაც უკვე ვაზარით სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ტაიპეელი ვეი იან იუნი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
გიორგი სარდალაშვილმა ზედიზედ მეორედ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება (შარშან ბრინჯაო), რაც 20 წლის ასაკში შესანიშნავი შედეგია. ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია (ძიუდოში).
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო უძლიერესი შემადგენლობით არ გამოდის, ოლიმპიადის გამო გუნდის რამდენიმე ლიდერი ისვენებს. მთლიანობაში 12 ქართველი იასპარეზებს (9 ვაჟი და 3 ქალი). 24 მაისს, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართება.