საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტური იმერული დერბით დაიწყო, რომელშიც „სამგურალმა“ „სამტრედია“ დაამარცხა.
მიხეილ აშვეთიას გუნდმა მეტოქეს აშკარად აჯობა და პირველივე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი ფანცულაიამ პენალტით გახსნა, რომელმაც სულ რამდენიმე წამში დუბლიც გაიფორმა, როცა უკვე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა.
შემდეგ იყო დემურ ჩიხლაძის და ალექსანდრე ვერულიძის გოლები. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და წყალტუბოელებმა 4:0 მოიგეს.
„სამგურალი“ 16 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ ეთამაშება, ხოლო „სამტრედია“ ძალიან ცუდ ფორმაშია, მხოლოდ 8 ქულა აქვს და ბოლო საფეხურზეა, თანაც უკვე 5 ქულით ჩამორჩება ყველაზე ახლოს მყოფ „გაგრას“, მომდევნო ტურში კი, გორის „დილას“ შეხვდება.
„სამგურალი“ – „სამტრედია“ 4:0 (4:0)
გოლები: 1:0 ფანცულაია (12, პენ), 2:0 ფანცულაია (13), 3:0 ჩიხლაძე (30), 4:0 ვერულიძე (43)