ფეხბურთი

17:20 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხესუს ნავასმა "სევილიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და უხელფასოდ ითამაშებს

„სევილიასა“ და ხესუს ნავასს შორის შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც ვეტერანი მცველი მშობლიურ კლუბში დარჩება.

ნავასმა „სევილიასთან“ კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა და მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელფასოდ ითამაშებს. შემდეგ კარიერას დაასრულებს და „სევილიას“ მენეჯმენტში დასაქმდება, ზუსტად რა როლში, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ "სევილიამ" გამოაცხადა, რომ ნავასი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებდა, რამაც ფეხბურთელის განაწყენებაც გამოიწვია. თუმცა, სულ მალე სიტუაცია შეიცვალა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„ერთი წამითაც არ მიფიქრია დადებითის გარდა სხვა პასუხზე, როცა „სევილიას“ პრეზიდენტისგან შეთავაზება მივიღე. მინდა აქ გავაგრძელო და დავასრულო კარიერა, კლუბში, რომელიც მიყვარს“, - აღნიშნა ხესუსმა.

ხესუს ნავასი „სევილიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან ანდალუსიელთა რიგებში 2004-2013 და 2017 წლიდან დღემდე 689 შეხვედრა ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. 2013-2017 წლებში ნავასი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.

0.107963