საფრანგეთის ლიგა 2-ის 2023-2024 წლების სეზონის ბოლო ტურში „ბორდომ“ „პო“ 3:2 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი საკლუბო სეზონი ფანტასტიკურად დაასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა. ანგარიში მეშვიდე წუთზე გაეტან ვაისბეკმა გახსნა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა. მე-16 წუთზე ზურიკოს პასით სხვაობა ორამდე ჟერემი ლივოლანმა გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ 51-ე წუთზე დავითაშვილმა თვითონაც მოახერხა გოლის გატანა და ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა. საბოლოოდ, ჟირონდელებმა 3:2 მოიგეს.
ზურიკომ ლიგა 2-ის 2023-2024 წლების სეზონი 36 შეხვედრაში 8 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა. მან განსაკუთრებით სეზონის მიწურულს, მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ მოუმატა. 23 წლის ფეხბურთელი ახლა ცოტას დაისვენებს, ხოლო მაისის ბოლოდან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.
„ბორდომ“ ლიგა 2-ში სეზონი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ ლიგა 1-ში აღზევდნენ „ოსერი“ და „ანჟერი“, ხოლო „პარიზი“, „როდეზი“ და „სენტ ეტიენი“ პლეი-ოფში ითამაშებენ, მათგან საუკეთესო კი, ლიგა 1-ის ბოლოდან მესამეადგილოსანს შეხვდება, დიდი შანსია, რომ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“.
ლიგა 2-დან გავარდნენ „ტრუა“, „რუანი“, „კონკარნო“ და „ვალანსიენი“, სადაც ჯოვინო ფლამარიონი თამაშობს.