„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდში ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კონტეს შესახებ მხოლოდ ჟურნალისტები საუბრობენ და მასთან მოლაპარაკებები არ ჰქონია:
„კონტეზე თქვენ საუბრობთ (ჟურნალისტები - რედ), მე არასდროს მისაუბრია. მასთან ბოლოს ნოემბერში ვილაპარაკე, მას შემდეგ აღარ. როდესაც სარი „ემპოლიდან“ მოვიყვანე, ფანები ჩემს წინააღმდეგ განეწყვნენ, როცა სპალეტი მესამე ადგილზე გავიდა, მისი მანქანა მოიპარეს. მე ვიტყვი, რომ მშვიდად ვიყოთ. ფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია "ნაპოლის" მაღალ დონეზე დაბრუნება, მაგრამ ასე არაა.
ტუდორი? მას 2-წლიანი კონტრაქტი სურდა, მე კი არ მინდოდა მომდევნო სეზონისთვის საკუთარი თავის დაბლოკვა. უკვე წარმოდგენილი მქონდა მომდევნო სეზონისთვის ყველაფრის თავიდან დაწყება. შემეძლო ტუდორთან კონტრაქტი მაინც გამეფორმებინა და სეზონის ბოლოს გამეთავისუფლებინა, მაგრამ მე წესიერი ადამიანი ვარ და როცა კონტრაქტს ხელს ვაწერ, მას პატივს ვცემ. არ იყო გარანტია, რომ ტუდორის დანიშვნით უკეთესი სეზონი გვექნებოდა, შეიძლება ექვსეულში ვყოფილიყავით, მაგრამ რაც ახლაა, ასე ჯობია, ზაფხულში ყველაფერს თავიდან დავიწყებთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ იქნება „ნაპოლის“ მწვრთნელი მომდევნო სეზონში, მაგრამ იტალიური მედია ყველაზე აქტიურად სწორედ კონტეს ვარიანტზე წერს.