იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიში“ მოგებულ სკუდეტოზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის ყველაზე ღირებული არა ამ ტიტულის მოგება, არამედ იმ ხალხის ბედნიერება იყო, ვისაც „ნაპოლის“ ჩემპიონობა გაუხარდა.
„სკუდეტოს მოგებას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვცდილობდი. ყოველთვის მეგონა, რომ ამ ტიტულის მოგება მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცევდა. იმ მომენტში, როცა ის მოვიპოვე, მივხვდი, რომ ის, რაც შენს გაღებულ მსხვერპლს გინაზღაურებს, არის არა თასი, არამედ სიხარულის გაზიარება იმ ადამიანებთან, რომლებიც შენსავით ბედნიერები არიან.
მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ყველა იმ ბედნიერ სახეს, რომელიც ჩემპიონატის მოგების დღეს ქალაქში შემხვდა. მე მათ არასდროს დავივიწყებ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად მოიგო სკუდეტო, ხოლო ტრიუმფის შემდეგ „ნაპოლი“ დატოვა და ამჟამად იტალიის ნაკრებში მუშაობს.