რაგბი

14:20 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა | ევროპამდე ტურში

საქართველოს 7-ქალა 17 მაისს საფრანგეთში, ქალაქ ტურში გაემგზავრება და რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადების მიზნით თამაშებს გამართავს.

გოგონები 20 მაისს ტურის ორ გუნდთან ითამაშებენ, 24 მაისს კი ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვებიან, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან ერთად ჩეხეთის, ისრაელის და ანდორას ნაკრებები ითამაშებენ. საქართველო დ ჯგუფში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების, ვურესის და მაიოტის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტურში 15 მოთამაშე მიდის. მათგან ორი დებიუტანტია, ერთი – 36 წლის ანა პოღოსიანი კი, 7-ქალას ყოფილი კაპიტანი და საქართველოს ორგზის საუკეთესო ქალი მორაგბე, გუნდს 2015 წლის შემდეგ უბრუნდება.

„შემადგენლობა გამოცდილი და შედარებით ახალბედა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. გვყავს ორი დებიუტანტი – ნინო გუგუჩია და ანა რურუა. რურუას 18-წლამდე ნაკრებში უთამაშია, ეროვნულის სატურნირო შემადგენლობაში კი პირველადაა. დაგვიბრუნდა საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე ანა პოღოსიანი. მას გარკვეული წყვეტა ქონდა, მაგრამ გამოცდილება არსად იკარგება და კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ის მაქსიმალურად იყო ჩართული მზადების პროცესში, დანარჩენი კი მოსამზადებელ თამაშებში გამოჩნდება“ – შემადგენლობასთან დაკავშირებით ამბობს მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე და განაგრძობს:

„თამაშის მხრივ გვაქვს პატარ-პატარა ცვლილებები და ტურში შევხედავთ, როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე. ვნახავთ რა გამოგვდის ყველაზე კარგად, რაზე გავაკეთოთ სამომავლოდ აქცენტი და რა კორექტივები შევიტანოთ ჩვენს თამაშში. ვემზადებით ევროპის ალაფისთვის და დიდი წყვეტის შემდეგ, მნიშვნელოვანია სათამაშო გამოცდილების მიღება როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის“.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ალაფას, მისი პირველი ეტაპი 14-16 ივნისს ხორვატიაში, ზაგრებში გაიმართება და საქართველო გ ჯგუფში ფინეთის, ისრაელის და ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს. ა ჯგუფში შვედეთი, ლატვია, ავსტრია და ანდორა მოხვდნენ, ბ ჯგუფში კი რუმინეთი, უნგრეთი, დანია და შვეიცარია გაერთიანდნენ. ალაფის მეორე ეტაპს 12-14 ივლისს უნგრეთი, ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

„რაგბი ევროპაზე ჩვენი მიზანი უცვლელია – ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. ვფიქრობ, უკვე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა, კარგად ვართ მომზადებული, მოთამაშეთა ხარისხი გაუმჯობესებულია და ეს აუცილებლად მოგვიტანს შედეგს“ – აღნიშნა მალაღურაძემ.

შეგახსენებთ, შარშან 7-ქალამ ერთი ეტაპი მეოთხე, მეორე კი მესამე ადგილზე დაასრულა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ორი ეტაპის ჯამში ალაფის ორი მოწინავე გუნდი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

7-ქალას გაფართოებული შემადგენლობა

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ნინო გუგუჩია, ნინო წიკლაური, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

RUGBY.GE

0.10651