კალათბურთი

12:43 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა B ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოს 18-წლამდელთა B ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ოთხივე გუნდმა იოლად დაძლია მეოთხედფინალი და B ლიგის ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ესენი არიან: რუსთავი 2, ზფა 2 (ზაზა ფაჩულიას აკადემია), ჰიუნდაი 2 და აკადემია. როგორც ხედავთ, აკადემიის გარდა ყველა ნახევარფინალისტი წარმოადგენს საკუთარი სკოლის მე-2 გუნდს, რაც იმას ნიშნავს, რომ აკადემიამ უკვე გაინაღდა უმაღლესი, A ლიგის საგზური.

შეგახსენებთ დებულებას, რომლის თანახმადაც უმაღლეს, A ლიგაში ერთი სკოლის მხოლოდ 1 გუნდი შეიძლება იყოს. შესაბამისად, აკადემია გახლავთ ერთადერთი ოთხ ნახევარფინალისტს შორის, რომელსაც A ლიგაში გუნდი არ ჰყავს და ახლა რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავოს, უმაღლეს ლიგაში მხოლოდ აკადემია აინაცვლებს.

ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ბრძოლამ აზრი დაკარგა. B ლიგის ჩემპიონობა და საპრიზო ადგილები ჩვეულებრივი, საკმაოდ პრესტიჟული ტიტულებია და გუნდებიც ერთმანეთს დიდ ბრძოლას გაუმართავენ. ზფა 2, რომელმაც მეოთხედფინალში 2 მატჩის ჯამში 71 ქულით დაამარცხა ვსა (ვიქტორ სანიკიძის აკადემია), ნახევარფინალში რუსთავი 2-ს შეხვდება. რუსთაველებმა თავის მხრივ 2 მატჩი ჯამში 38 ქულით მოუგეს მართვე 2-ს.

მეორე ნახევარფინალში აკადემია შეხვდება ჰიუნდაი 2-ს. აკადემიელებმა 2 მატჩის ჯამში 51 ქულით აჯობეს ბრუკლინი 2-ს, ხოლო ჰიუნდაი 2-მა მეოთხედფინალში ქუთაისი 2-ს აჯობა 24 ქულით. ნახევარფინალური სერიებიც 2-მატჩიანი იქნება, ხოლო ფინალი 2 მოგებამდეა. გათამაშდება მე-3 ადგილიც, რომელშიც ნახევარფინალში წაგებულები ითამაშებენ.

ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც A ლიგაში გადამსვლელ კიდევ 2 გუნდს უკავშირდება. დებულების თანახმად, B-დან A ლიგაში 1 გუნდი (გამარჯვებული) პირდაპირ გადავა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები A ლიგის მე-12 და მე-13 ადგილებზე გასულებთან საკვალიფიკაციო, გადასასვლელ სერიებს გამართავენ.

როგორც გითხარით, ნახევარფინალისტებიდან მხოლოდ აკადემიას არ ჰყავს A ლიგაში გუნდი და შესაბამისად, როგორც საუკეთესო შედეგის მაჩვენებელმა, აკადემიამ უკვე გაინაღდა A ლიგის საგზური. მეოთხედფინალში მყოფი 8 გუნდიდან აკადემიასთან ერთად მხოლოდ ვსა-ს არ ჰყავს A-ში გუნდი, თუმცა შესაძლოა, A ლიგაში ბოლოსწინა 13-14 ადგილები დაიკავონ ბრუკლინმა და ქუთაისმა, რაც ამ სკოლების მე-2 გუნდებს უმაღლესისკენ გზას გაუხსნის. ანუ B ლიგის მეოთხედფინალში წაგებულ ბრუკლინი 2-ს და ქუთაისი 2-ს შესაძლოა (თუ მათი გუნდები A ლიგაში 13-14 ადგილებს დაიკავებენ), გადათამაშებაში მონაწილეობა მოუხდეს.

აქ უნდა გამოვავლინოთ ამ 3 გუნდიდან (ვსა, ბრუკლინი 2, ქუთაისი 2) 2 საუკეთესო. მერვედფინალში 2 მატჩის ჯამში ყველაზე ნაკლები – ჯამში 24 ქულით ქუთაისი 2-მა წააგო, შემდეგ მოდის ბრუკლინი (-51) და ვსა (-71). გააჩნია ბრუკლინისა და ქუთაისის პირველი გუნდები უმაღლეს (A) ლიგაში რა შედეგს აჩვენებენ და შესაბამისად ისე მიიღებენ გუნდები გადათამაშებაში მონაწილეობის უფლებას. თუ ბრუკლინმაც და ქუთაისმაც უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა, გადათამაშებაში ვსა და რიგითობის მიხედვით შემდეგი A ლიგაში ანაცვლების უფლების მქონე გუნდი ითამაშებენ.

ერთი სიტყვით, უნდა დაველოდოთ A ლიგის შედეგებს, მანამდე კი B ლიგის პრიზიორებიც გამოვლინდებიან.

GBF.GE

0.117811