ინგლისის პრემიერლიგას ბოლო ტურის წინ სათავეში „მანჩესტერ სიტი“ ჩაუდგა, რომელმაც 34-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ტოტენჰემის“ დამარცხება მოახერხა.
ლონდონელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ „არსენალს“ საჩუქარი მაინც ვერ გაუკეთეს და უქულოდ დარჩნენ. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი, ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.
თუმცა, ამ მატჩს სხვა გმირიც ჰყავდა - „სიტის“ სათადარიგო მეკარე შტეფან ორტეგა, რომელმაც მეორე ტაიმის შუაში ტრავმირებული ედერსონი შეცვალა და 87-ე წუთზე სონ ჰინ-მინს პირისპირ გოლი არ გაატანინა, როცა მანჩესტერელთა უპირატესობა მხოლოდ ერთბურთიანი იყო. ასე რომ, ვინძლო, გერმანელმა საჩემპიონო სეივი მიითვალა.
„მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ ორი ქულით გაასწრო და ახლა მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ბოლო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო პარალელურად „არსენალი“ „ევერტონს“ დაუხვდება.
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი" 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ჰოლანდი (51), 0:2 ჰოლანდი (90, პენ)