კალათბურთი

23:13 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისმა გაუ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “ქუთაისი 2010” ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში – 92:90 (სტატისტიკა) დაამარცხა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი გაუ და ფინალს მიუახლოვდა. ქუთაისელებს 1 გამარჯვება აკლიათ საჩემპიონო სერიამდე, თუმცა მეტოქე იმდენად საფრთხილოა, გამარჯვებულის გამოვლენამდე კიდევ დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ქუთაისმა დღეს ბეწვის ხიდზე გაიარა. მართალია, იმერული კლუბი მეტოქეზე გაცილებით დიდი ხნითა და მეტი სხვაობით იყო წინ, თუმცა წაგებასთან ძალიან ახლოს იყო. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გამარჯვებული ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. მატჩის ბოლო წამებზე ქუთაისელებმა შეტევა ჩააგდეს, ქულით დაწინაურდნენ, გაუ-მ კი საპასუხო შეტევაში ვერ იხეირა და ამის გამო წააგო.

გაუ-მ საბედისწერო შეცდომა ბოლო წუთზე დაუშვა, როცა 3 ქულას (90:87) იგებდა და უტევდა. საფინალო სირენამდე 55 წამით ადრე თევის სმიტს მოედნის ცენტრში ქუთაისის უკანახაზელმა, დეტრეკ ბრაუნინგმა ჩაუჭრა. ბურთი რომ არ დაეკარგათ და ამ შეტევაში ეხეირათ, გაუ-ელები გამარჯვებას ფაქტობრივად გაინაღდებდნენ, თუმცა სმიტის დაკარგვის შემდეგ გიორგი კორსანტიამ 2 საჯარიმო ჩააგდო და ქუთაისელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

გაუ-მ კიდევ ერთი შანსი გაანიავა, როცა ფარქვეშ შეჭრილ თევის სმიტს აკაკი დვალიშვილმა და კორსანტიამ ფაქტობრივად ერთდროულად დაუფარეს და ისე მოხდა, რომ ბურთი გადასვლამდე შემტევ სმიტს შეეხო. ეს, ცხადია, მსაჯებმა ვიდეოგამეორებით გამოარკვიეს და ბურთი საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე ქუთაისს გადაეცა. სტუმრები ტაქტიკურად სწორედ მოიქცნენ, როცა მატჩის ძირითადი დროისა და მათი შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი ბოლომდე არ გაიყვანეს და ზუსტად ამ დროის შუაწელში შეუტიეს. ამით მათ წარუმატებელი შეტევის შემთხვევისთვის თამაშის გადარჩენის დრო დაიტოვეს, თუმცა ის შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. ბრაუნინგმა საშუალო ტყორცნით ორქულიანი მიითვალა და ქუთაისი 91:90 დააწინაურა.

გაუ-ს 12 წამი ჰქონდა და ყველაფერი ზუსტად დაგეგმა, თუმცა მთავარი, ბურთის კალათში მოთავსება ვერ მოახერხა. ფარქვეშ შეჭრილმა აიზია სმოლმა, რომელსაც ქუთაისელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, გამარჯვების ბურთი ვეღარ ჩააგდო და მატჩის ბედიც გაირკვა.

სერიის მომდევნო მატჩი 15 მაისს, 19:00 საათზე, თბილისი არენაზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114368