კალათბურთი

22:15 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კავკასიამ გურჯაანის დელტა დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიამ სერიის მე-3 მატჩი ძალიან დამაჯერებლად – 97:85 (სტატისტიკა) მოუგო გურჯაანის დელტას და ფინალის ზღვარზეა. მართალია, საბოლოოდ 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა მატჩის ბედი ლამის პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც კავკასიელებმა 35:10 მოიგეს.

ეს არ იყო ნახევარფინალური სერიისთვის შესაფერისი მატჩი. ასეთი სუსტი მატჩი დელტას არათუ პლეი ოფში, მთლიანად ამ სეზონში არ უთამაშია. თავის მხრივ, კავკასიამ უძლიერესად ითამაშა, რაც ამ გუნდის საჩემპიონო შანსებს ზრდის და ნახევარფინალის ნებისმიერი ფავორიტს უთანაბრებს. კავკასიამ საკუთარი შესაძლებლობა წინა რაუნდში დაამტკიცა, როცა მეოთხედფინალიდან მოქმედი ჩემპიონი თსუ გააგდო. წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალის 2 მძლავრი მატჩი ჩაატარა გურჯაანში, სადაც დელტასთან მოგებ-წაგება გაიყო და დღეს დამაჯერებელი გამარჯვებით სერიაში დაწინაურდა.

იდეალურად თამაშობდა კავკასია პირველ ნახევარში როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში. სწრაფ გარღვევებს ზუსტი შორი სროლები ენაცვლებოდა კავკასიელებმა საბოლოო ჯამში 12 სამქულიანი ჩააგდეს, მაგრამ შორი სროლები არ იყო მხოლოდ მათი ეფექტური არსენალი. აიზია ელისი, ილია ლონდარიძე და ჯავაუნ დენიელსი ფარქვეშ ბატონობდნენ, რითაც გურჯაანელებს მიახლოების შანსს არ აძლევდნენ.

პირველი პერიოდი 25 ქულით მოიგო, მეორეში კი კავკასიას უპირატესობამ 30 ქულას გადააჭარბა. მეორე ნახევარში იყო მომენტები, როცა დელტამ ზედიზედ რამდენიმე ბურთი ჩააგდო, მაგრამ რეალურად მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ბოლო წუთებში სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა და კავკასიამ სერიის მეორე გამარჯვება გაიფორმა.

გამარჯვებულებს 21 ქულით და 5 პასით ჯასტინ ფორესტმა ულიდერა. 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ჯავაუნ დენიელსმა მიითვალა. 15 ქულა და 9 მოხსნა ელისის, ხოლო 14 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზეა. გაფრინდაშვილის სამქულიანების დამსახურება იყო პირველ პერიოდში, როცა კავკასიამ პირველად მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა. საინტერესო შედეგი დაფიქსირდა გურჯაანელთა ბანაკში: ოთხმა კალათბურთელმა 13-13 ქულა მოაგროვა. ესენი არიან: ნიკოლოზ დარბაიძე, სერგი ნინუა, ტერი კოლინსი და ბექა ბექაური.

სერიის მე-4 მატჩი თბილისი არენაზე 15 მაისს, 16:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110533