ფეხბურთი

18:39 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ყოფილი დირექტორები: "მამარდაშვილის პროგრესი საოცარია, ეს სეზონი მისი ბუმია"

ესპანურმა გამოცემა As-მა „ვალენსიას“ ყოფილი დირექტორების კომენტარები გამოაქვეყნა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით.

ოთხივე რესპონდენტს ორი ერთნაირი შეკითხვა დაუსვეს:

1. როგორ აფასებენ მამარდაშვილის პროგრესს ამ სამი წლის განმავლობაში?

2. სატრანსფერო ბაზარზე რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება?

ამ შეკითხვებზე პასუხები შემდეგნაირია:

ფერნანდო გომესი

1. გასაოცარი პროგრესი აქვს. აქ რომ ჩამოვიდა, უკვე კარგი მეკარე იყო, მაგრამ მან ხელი კონტრაქტს მეორე გუნდთან მოაწერა. თავიდანვე მიხვდნენ, რომ მისი ადგილი პირველ გუნდში იყო, რომელსაც ტრავმების გამო პირდაპირ შეუერთდა. უფრო და უფრო გადამწყვეტი ხდება და ეს სეზონი ბუმი იყო. მისი ცივი გონება და სიფხიზლე ყველა მატჩში ჩანს. შეცდომებს თითქმის არ უშვებს, ერთი-ერთზე თამაშშიც უკეთესია, პენალტებზეც და მაღალ ბურთებზეც. ის ერთ-ერთი მეკარეა, ვისაც გუნდისთვის ქულები მოაქვს“.

2. „ვნახეთ, რომ „ლივერპულმა“ და „სიტიმ“ ბევრი გადაიხადეს მეკარეებში, მაგრამ ამ გუნდებს უკვე ჰყავთ კარგი მეკარეები, როგორც „ბარსელონას“ და „რეალს“. ამიტომ, უნდა დაველოდოთ, რომელი გუნდი ეცდება მის შეძენას. თუმცა, მისი ფასი ჩემი აზრით, 35 მილიონზე დაბლა არ არის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ვალენსიას“ ფინანსური პრობლემები აქვს. შეიძლება ის ვერ გაყიდონ დიდ გუნდში, მაგრამ ფინანსურად ძლიერ გუნდში, მაგალითად, „ნიუკასლში“, „ტოტენჰემში“. ამ კლუბებს აქვთ 35-40 მილიონის გადახდის შესაძლებლობა. მე ვისურვებდი, რომ ის გუნდში დარჩეს და „ვალენსიამ“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად მინდვრის მოთამაშე გაყიდოს და არა მეკარე, რომელიც მამარდაშვილივით ქულების მომტანია“.

ხავიერ სუბირატსი

1. „ის მეორე გუნდში მიიყვანეს, მაგრამ ბორდალასმა მასში მაშინვე შეამჩნია ტალანტი და ენდო. შემდეგ ოჩოტორენას დიდი შრომით დიდი მეკარე გახდა“.

2. „საბაზრო ღირებულება 30-დან 35 მილიონამდე იქნება“.

ფრანსისკო რუფეტე

1. „მამარდაშვილმა ძალიან მოკლე დროში დიდი პროგრესი განიცადა. ეს გამოწვეულია მისი თანდაყოლილი ნიჭით და ასევე, იმ მუდმივი სათამაშო პრაქტიკით, რაც მას სხვადასხვა მწვრთნელმა მისცა“.

2. „ვერ დავასახელებდი მის ფასს, რადგან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუმცა, ცხადია ის, რომ როდესაც ასეთი დონის მეკარე ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს, მას ძალიან მაღალი ღირებულება ექნება“.

ხუან სანჩესი

1. „დიდებული პროგრესი აქვს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია „ვალენსიასთვის“. მე არ გავყიდდი, მაგრამ თუ ისეთი შეთავაზება იქნება, რაზეც უარის თქმა შეუძლებელია, მაშინ უნდა გავყიდოთ“.

2. „ფასს ვერ დავასახელებ, ეს ძალიან რთულია“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მას შემდეგ ესპანური გუნდის მაისურით 97 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113153