საქართველოს ნაკრების და „აპოელის“ თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას „არისი“ იწვევს. ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს.
goal.philenews-ის ინფორმაციით, გიორგიმ უნდა გადაწყვიტოს, „აპოელთან“ კონტრაქტი განაახლოს თუ „არისში“ გადავიდეს, მაგრამ ორივე კლუბს თავისი იარაღი აქვს ქართველის დასარწმუნებლად.
„არისს“ ძალიან სტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვს და შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელისთვის ეკონომიკური გარანტიების მიცემა შეუძლია „აპოელისგან“ განსხვავებით. წერენ, რომ ლიმასოლელებმა ქართველს მაცდური შეთავაზება უკვე გაუკეთეს.
მეორე მხრივ, „აპოელში“ ქვილითაიას ფანების სიყვარული აქვს, თამაშობს კვიპროსის ყველაზე დიდ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა და რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრის შანსიც გააჩნია. შესაბამისად, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.
როგორც ხსენებული წყარო წერს, თუ უახლოეს ხანში „აპოელი“ ქვილითაიას დავალიანებას დაუფარავს, მისი დარჩენის შანსი გაიზრდება. გარდა ამისა, რიკარდო სა პინტუმ ნიქოზიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რამაც ასევე გაზარდა გიორგის გუნდში დარჩენის შანსი.
ქვილითაიას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ ჯერჯერობით, ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. პარალელურად, ინტერესი ლიმასოლის „არისიდან“ გაჩნდა.
გიორგი ქვილითაია „აპოელში“ 2021 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „ანორთოსისის“, „გენტის“, „რაპიდის“, „დინამო თბილისის“, „დილას“ და „გიორის“ ღირსებას იცავდა.