ფეხბურთი

15:57 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" - "რაიოს" მატჩის მსაჯი მამარდაშვილზე: "რა დიდებული მეკარეა!"
"რაიოს" მწვრთნელი: "ვალენსიას" შესანიშნავი მეკარე ჰყავს, რომელმაც მოგება წაგვართვა"

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 35-ე ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ შესანიშნავად ითამაშა და გარდა იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ყველა აქებს.

გიორგი შეაქო „ვალენსიას“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ, „რაიოს“ ფეხბურთელმა სერხიო კამელომ, „ლოს ჩეს“ ფანებმა, რომლებმაც მას უმღერეს და სკანდირებდნენ - „გიორგი დარჩი“.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა: გიორგი შეაქო „რაიოს“ მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა და ასევე, მატჩის მეოთხე მსაჯმა დავიდ ლოპეს ხიმენესმა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პერესმა თქვა: „გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ მამარდაშვილის კლასის გამო 3 ქულა ვერ ავიღეთ. ეს მტკივნეულია იმიტომ, რომ ხელი შეგვიშალა იმ გამარჯვებაში, რომელიც გადარჩენის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ მისი დონე აღმაფრთოვანებელია. ბოლო სეივის დროს უნაი ლოპესის წინააღმდეგ, მეგონა, რომ ბურთს არ შეხებია, მაგრამ მეოთხე მსაჯმა მითხრა - „რა დიდებული მეკარეა“. ვბრაზობთ, მაგრამ „ვალენსიას“ შესანიშნავი მეკარე ჰყავს და მან მოგება წაგვართვა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.

0.113999