ფეხბურთი

16:44 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის გარეშე სხვა თამაში: სტატისტიკა, რომელიც "შტურმისთვის" სახიფათოა
"შტურმმა" სეზონში 3 მატჩი წააგო და სამჯერვე მოედანზე კიტეიშვილი არ იყო

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ „შტურმი“ „ზალცბურგს“ ორი ქულით უსწრებს და ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში შინ „აუსტრია კლაგენფურტის“ დამარცხება მართებს.

თუმცა, ამის გაკეთება ოთარ კიტეიშვილის გარეშე მოუწევს, რომელიც ბოლო ტურში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. სწორედ ამის შესახებ წერს Kicker-ი, რომელმაც ერთი საინტერესო სტატისტიკაც მოიყვანა, რაც „შტურმისთვის“ საგანგაშოა.

„ლასკის წინააღმდეგ ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ არის ასე ღირებული „შტურმისთვის“. ბუნდესლიგაში მერვე და მეცხრე გოლებით ქართველმა პლეიმეიკერმა თითქმის მარტომ წაიყვანა „შტურმი“ ჩემპიონობისკენ, მაგრამ მარინ ლუბიჩიჩმა 77-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა და „შტურმს“ ახლა კიდევ ერთი კვირა მოუწევს კანკალი. ბოლო ტურის წინ „ზალცბურგთან“ უპირატესობა ორი ქულაა.

მომავალ კვირას გრაცელებს აუსტრია კლაგენფურტთან საშინაო მატჩი აქვთ და დააკლდებათ ტოპფორმაში მყოფი კიტეიშვილი. 28 წლის ფეხბურთელმა სეზონში მეცხრე ყვითელი ბარათი მიიღო „ლასკის“ ფეხბურთელ ჯორჯ ბელოსთან 57-ე წუთზე თამაშის წესის დარღვევის გამო და ამიტომ კლაგენფურტთან დისკვალიფიცირებულია.

„აშკარად გვტკივა, როცა ოთარი არ თამაშობს, მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მის შეცვლას“, - თქვა გრაცელთა მცველმა გრეგორი ვიუთხირმა. მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი ფიქრობს, რომ ეს გუნდურად უნდა გააკეთონ და ექნებათ გეგმა.

მიუხედავად ამისა, კიტეიშვილი არის ფეხბურთელი, რომლის გარეშე „შტურმის“ გზა რთულდება. ამას სტატისტიკაც აჩვენებს: „შტურმმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 თამაში წააგო და სამივე მარცხში მოედანზე კიტეიშვილი არ იყო. ეს მოხდა შემოდგომაზე „აუსტრიასთან“ (0:1) და „ლასკთან“ (1:3), ხოლო გაზაფხულზე „ზალცბურგთან“ (0:1)“, - წერს ავსტრიული Kicker-ი.

ასე რომ, „შტურმს“ „კლაგენფურტთან“ გამარჯვება და ჩემპიონობის გაფორმება კიტეს გარეშე მოუწევს. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გრაცელთა რიგებში ჩატარებულ 40 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110954