პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნითი მონაწილე ‘რუსთავი’-‘ბაგრატის’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ირკვევა. სეზონის მანძილზე ტრავმებითა და სპორტული უიღბლობით გატანჯულმა ‘ბაგრატმა’ ბოლო ადგილისგან თავის დაღწევა და პლეი აუტში მოხვედრა პირველი ლიგის ბოლო ტურში მოახერხა. ‘რუსთავი’ კი რეგიონულ ლიგაში მეთოდურად აუმჯობესებდა თამაშს და ლიგის ფინალში ტურნირის მთავარ ფავორიტ ‘წიქარასთან’ დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით დამარცხდა.
პლეი აუტის პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის დედაქალაქში, „ხარები არენაზე“ გაიმართა. მატჩი რიონისპირელთა იერიშებით დაიწყო და მე-5 წუთზე ‘ბაგრატის’ შუამარბ საბა ხელაძეს გასატანი ჯარიმა გაუცუდდა. 6 წუთის შემდეგ ‘რუსთავმა’ მოლით 20 მეტრი იარა და ბოლო მომენტში მისი ჩაქცევისთვის სტუმართა მხტომელი გიორგი ჩიტორელიძე მთავარმა არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა გაასინბინა. აღსანიშნავია, რომ სამსაჯოდ საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა და ქვეყნის მთავარ რეფერის თავისი ოსტატობის დემონსტრირება სრულად მოუხდა.
რიცხობრივი თანაფარდობის აღდგენის შემდეგ ‘ბაგრატმა’ უპირატესობა დაიბრუნა. პირველი სამატჩო ქულები საბა ხელაძემ საჯარიმო დარტყმით აიღო, რასაც 30-ე წუთზე რიონისპირელთა დადებული ლელო მოჰყვა. ‘ბაგრატმა’ მოლით ძალუმად უტია და ალამთან ლელო გიორგი ჩიტორელიძემ გაიტანა. გარდასახვა მახვილი კუთხიდან საბა ხელაძეს გაუცუდდა.
რუსთაველთა გამორჩეული ფიგურის, 35 წლის ბორჯღალოსან რამაზ ხარაზიშვილის აქტიურმა და უნარიანმა თამაშმა მასპინძლებს ტაიმის დასკვნით მონაკვეთში მცირე უპირატესობა მოუპოვა. ფულბეკის პოზიციაზე მყოფმა უფროსმა ხარაზიშვილმა ბოლოსწინა წუთზე გატანილი ჯარიმით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 3:8.
მეორე ტაიმი უკვე ქვემო ქართლელთა იერიშებით დაიწყო. რამაზ ხარაზიშვილმა გატანილი ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, 46-ე წუთზე კი რამაზმა მორიგი ჯარიმით საკუთარი გუნდის დაწინაურების რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
53-ე წუთიდან ‘რუსთავი’ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამაშუკელმა ყვითელი ბარათით ერთმანეთის მიყოლებით მოედანი მასპინძლეთა მღლეტელ ანდრო ღარიბაშვილსა და მარქაფადან ჩართულ ლევან ხორავას დაატოვებინა. აღნიშნულ პერიოდში ‘ბაგრატი’ ჯარიმების კარში დარტყმას ჯიუტად უარობდა და ლელოს დადებას მოლით ცდილობდა, რამაც გაგა გურეშიძის ბიჭებს სასურველი შედეგი არ მოუტანა.
შეხვედრის ბოლო 12 წუთში კი მოედანზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ‘ბაგრატს’ დაღლა დაეტყო და თან მეორე მიღებული ყვითელი ბარათი იური კენჭაძისთვის წითელი ბარათის ტოლფასი გახლდათ, რამაც ქუთათურები მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დატოვა.
რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით ‘რუსთავი’ ანგარშში პირველად დააწინაურა. 73-ე წუთზე კი დერეფანიდან კარგად შეკრული მოლით მასპინძელთა მასირებული შეტევა გატანილი ლელოთი ბურჯმა მერაბ მენაბდემ დააგვირგვინა. ხარაზიშვლმა მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიშში სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი ხარაზიშვილის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ჯარიმა ძელმა აისხლიტა და ანგარიშიც უცვლელი დარჩა. ‘რუსთავმა’ მატჩი 16:8 მოიგო.
პლეი აუტის საპასუხო შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ მომავალ უქმეებზე გაიმართება. 2 მატჩის ჯამური შედეგით წარმატებული გუნდი მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს.
RUGBY.GE