რაგბი

13:23 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘აია’ პირისპირ ბალანსის ხარჯზე გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში ‘ლელომ’ პირველი მარცხი იწვნია. დიდ დიღმელებს ცხრილში 48 ქულით ‘აია’ გაუტოლდა. ჩემპიონთან უკეთესმა პირისპირ ბალანსმა ნიკოლოზ ლაღაძის შეგირდები ცხრილის სათავეში მოაქცია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე ‘აიას’ 2 რთული გასვლითი შეხვედრა (‘წიქარა’ და ‘ბათუმი’) რჩება. ‘აკადემიამ’ სეზონში მე-8 გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა, მესამე პოზიცია განიმტკიცა, ლიდერთა დუეტს 11 ქულით ჩამორჩა, თუმცა მდევარ ‘ბათუმთან’ უპირატესობა ასევე 11 ქულამდე გაზარდა.

ცხრილის მე-5 საფეხურზე ‘წიქარა’ რჩება. რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა 23 ქულას მოუყარეს თავი, ‘ბათუმთან’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მე-6 ადგილზე მყოფ ‘არმიასთან’ კი სხვაობა 4 ქულამდე გაზარდეს. „არმიელები“ თავის მხრივ ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘ხარებს’ 9 ქულით აღემატებიან. აუტსაიდერი ‘ტაო’ კი პირველობას საცხრილო ქულის გარეშე აგრძელებს.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘ლელოს’ ლიდერთა შეხვედრამ სპეციალისტების და ქომაგის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. პირველ წრეში ჩემპიონმა ქუთათურებს მინიმალური სხვაობით მოუგო, რაც რიონისპირელთათვის პირველობაზე ერთადერთი განცდილი მარცხი გახლდათ. ‘აიამ’ მისთვის ტრადციული შერკინების ნაცვლად აქცენტი ამჯერად ხელით სწრაფ თამაშზე გააკეთა, რამაც „ურაგანას“ ბიჭებისთვის სასურველი შედეგი გამოიღო.

პირველ ტაიმში მასპინძელთა მგეზავმა დუტა დაშნიანმა გატანილ ჯარიმას, ჩინებული არეკნიც მიაყოლა და შესვენებაზე ‘აია’ 6-ქულიანი უპირატესობით წავიდა – 6:0. მეორე ტაიმში მღლეტელ კახა კაპანაძის გარდაუსახავი ლელოთი მასპინძელთა უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა. მოახლოებულმა მარცხმა ‘ლელოს’ შეტევებს სიმწვავე შემატა. ჩემპიონის მგეზავ ლევან ბუცხრიკიძის გატანილ ჯარიმას, დიდ დიღმელთა კვაჭ მერაბ მანჯავიძის მოლით დადებული გარდაუსახავი ლელო მოჰყვა და ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ დროში ‘აია’ თავს საიმედოდ იცავდა, მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კი დუტა დაშნიანის გატანილმა ჯარიმამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ‘აიამ’ მატჩი 14:8 მოიგო, ჩემპიონს სეზონში პირველი მარცხი აგემა და დიდ დიღმელები ნუგეშ-ქულას დააჯერა.

ინტერესმოკლებული არც მოწინავე კვარტეტში მყოფების ‘აკადამიასა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრა გამოდგა, რომელიც „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ავდარში გუნდებს სველი ოვალის დამორჩილება უჭირდათ, რამაც მატჩის სანახაობრივ მხარეს გარკვეული დაღი დაასვა. ამის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომლის პირველივე წუთებიდან აჭარლები მდევრის როლში აღმოჩნდნენ. ‘აკადემიას’ დამრიგებელმა ნიკა ჩიტალაძემ აქცენტი უკანა ხაზელთა ფეხით სწრაფ თამაშსა და კონტრშეტევებზე გააკეთა, რამაც მასპინძელთათვის სასურველი შედეგი გამოიღო.

მატჩის დებიუტში ‘აკადემია’ შუამარბ დემეტრე დევდარიანის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. „მხატვართა“ ერთ-ერთ ლიდერმა დევდარიანმა ყბა-სახის არეში მიღებული ტრავმის გამო პირველი ტაიმის ჩამთავრება ვერ მოახერხა. დევდარიანის არყოფნაში გუნდის ლიდერობა ფულბეკმა სანდრო რობაქიძემ ითავა. რობაქიძე ფეხით ეფექტურად და გამოზომილად ურტყავდა და თან თანაგუნდელთა 4-ივე გატანილ ლელოში უშუალო მონაწილეობაც მიიღო.

დევდარიანის კვალ, აჭარლებს ლელოები ბურჯმა ანდრია ჯოხთაბერიძემ, მღლეტელმა ლუკა მახარაძემ და ფრთა ივა კვირიაშვილმა დაუდეს. „მხატვართა“ შუამარბმა კაპიტანმა დაჩი იმედაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა. ბუნებრივია გულხელდაკრეფილნი არც სტუმრები დარჩნენ, ბოლომდე იბრძოლეს და ‘ბათუმმა’ 3 გატანილი ლელოს მიუხედავად (ფრთა გიგი აბაშიძე, ჰავბეკი მათე ბოლქვაძე და შუამარბი გოგა ბერიძე), მართალია რევანშის აღება ვერ შეძლო, თუმცა „მხატვრებს“ ამჯერზე პრემიალური ქულა აღარ ააღებინა. ‘აკადემიამ’ მატჩი 28:17 მოიგო.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘’არმიას’ მატჩის პირველი ნახევარში მეტოქენი უპირატეს ყურადღებას დაცვას უთმობდნენ და „არმიელთა“ ფულბეკ კახაბერ ზურაბაშვილის გატანილი ჯარიმა ტაიმის ერთადერთი შედეგიანი ქმედება გამოდგა. ‘ხარებს’ მიზეზთა გამო 4 წამყვანი მოთამაშე აკლდათ, რაც მასპინძელთა თამაშის ხარისხზე უარყოფითად განსაკუთრებით მეორე ტაიმში აისახა.

მეორე ტაიმში „არმიელთა“ ხაზი სწრაფად და ლაღად ამოქმედდა. შუამარბ ლუკა სუთიძის დებიუტში გატანილ ლელოს, ბურჯ ვანო ზაუტაშვილისა და ფრთა ლუკა ტაბატაძის დადებული ლელოებიც მოჰყვა. ზურაბაშვილმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და მატჩის მიწურულს სტუმართა უპირატესობამ 24 ქულა შეადგინა. ‘ხარები’ ბოლომდე იბრძოდა და შეხვედრის ბოლო წუთზე შუამარბ ნიკა კვერნაძის გატანილი ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს გადაურჩა და თან „არმიელებს“ პრემიალური ქულა არ ააღებინა. ‘არმიამ’ 24:5 მოიგო.

პირველობის აუტსაიდერმა ‘ტაომ’ ასპინძაში ‘წიქარას’ უმასპინძლა. პირველი ტაიმი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ‘წიქარას’ წარმატებას სათავე შუამარბ ლუკა ბახტაძის გატანილმა ლელომ დაუდო. რეზო ქოქოლაძის შეგირდებმა მთლიანობაში მესხებს პირველ ნახევარში 6 ლელო დაუდეს და მასპინძლები მგეზავ გიორგი შუბითიძის წყვილ გატანილ ჯარიმას დააჯერეს – 36:6.

მეორე ნახევარში ‘ტაო’ გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც თამაშში ‘წიქარას’ მარქაფა ჩაერთო, მესხებმა პირველობაზე 1 მატჩში 2 ლელოს გატანა მეორედ მოახერხეს. ხელი ჯერ მასპინძელთა გამორჩეულმა მოთამაშემ და მგეზავმა გიორგი შუბითიძემ გამოიღო, რასაც მოლის ჩაქცევისთვის ‘ტაოს’ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელოც მოჰყვა. ‘წიქარაც’ მეორე ტაიმში წყვილ გატანილ ლელოს დაჯერდა. მარბიელმა ლუკა ტლაშაძემ „დუბლი“ გაიფორმა, საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება კი სტუმართა კიდევ ერთი მარბიელის, დიმიტრი ჩაჩანიძის გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 48:20.

RUGBY.GE

0.118275