საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „სტრასბურს“ დაუპირისპირდა და ახალი არაფერი მომხდარა - გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, „მეცმა“ კი, ბოლო წუთებში ლამის მოგებული თამაში წააგო.
დიახ, ლაშლო ბოლონის გუნდმა უამრავი ქულა დაკარგა ბოლოს გაშვებული გოლებით. მიქაუტაძემ დიდებულად ითამაშა - უკვე ტრადიციულად.
მან ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გაიტანა (მე-8 გოლი) და მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. გიორგიმ ანგარიში 54-ე წუთზე ძალიან ეფექტური დარტყმით გახსნა. 77-ე წუთზე დუბლთან და ულამაზეს გოლთან იყო ძალიან ახლოს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და „სტრასბური“ გადარჩა.
მერე მოხდა ის, რაც მიმდინარე სეზონში უამრავჯერ მომხდარა: 89-ე და 92-ე წუთებზე „მეცმა“ ორი გოლი გაუშვა და შინ უქულოდ დაბრუნება მოუწია - 1:2.
გიორგი მიქაუტაძეს 19 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. ის მარტო ცდილობს „მეცის“ გადარჩენას, მაგრამ მისი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებენ გასავარდნად... წარმოუდგენელია ის შეცდომები, რომელსაც ამ გუნდის მცველები უშვებენ.
მიქაუტაძემ რეკორდიც დაამყარა: ის საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გამტანი ფეხბურთელი გახდა იმ ფეხბურთელებში, რომლებიც ლიგა 1-ში იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოჩნდნენ. „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 23 წლის ქართველის აქტივში 11 გოლია, რაც იანვარში შეძენილ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია.
„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ „ლორიანს“, რომელსაც ბურთების ბალანსითაც სჯაბნის. თუმცა, ბოლონის გუნდისთვის ბოლო ტური მაინც პრობლემურია, რადგან „მეცი“ „პარი სენ-ჟერმენს“ ხვდება და დიდი შანსი ცხადია, რომ არ ექნება, ხოლო „ლორიანი“ ბოლოადგილოსან და გავარდნილ „კლერმონს“ უმასპინძლებს, რომლის დამარცხება წესით არ გაუჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, „მეცს“ მე-16 ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც არ ექნება არაფერი გარანტირებული, რადგან ამ შემთხვევაში პლეი-ოფში ლიგა 2-ის მესამეადგილოსანთან მოუწევს დაპირისპირება. ლიგა 1-ში ბოლო ტური 19 მაისს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიქა უფრო ძლიერ გუნდს იმსახურებს
რა მზე გუნდია, ღირსები არიან გავარდნენ
უაზროდ წააგეს
მეგონა უკვე მოიგეს მეთქი და უეცრად... ბრახ