ფეხბურთი

21:47 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმის შემდეგ კვარაცხელია დაბრუნდა, მაგრამ "ნაპოლი" ისევ დამარცხდა
"ბოლონია" ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის გავიდა

„ნაპოლის“ კოშმარული სეზონი გრძელდება და ფრანჩესკო კალცონას გუნდმა ისევ წააგო. ამჯერად, 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“.

ტიაგო მოტას შეგირდებმა ნეაპოლელებს „სტადიო მარადონაზე“ შანსი არ დაუტოვეს და დამსახურებულად მოიგეს. ყველაფერი საწყის 12 წუთში გაირკვა, როცა სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს დან ნდოიესა და სტეფან პოშის დამსახურებით.

„ნაპოლის“ 21-ე წუთზე შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ მატეო პოლიტანომ ვიქტორ ოსიმენის მიერ მოპოვებული პენალტი ვერ გაიტანა. მერე მოედანზე ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა და ბოლონიელებმა მოგებამდე საქმე მშვიდად მიიყვანეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ 82-ე წუთამდე ითამაშა და არც ისე აქტიური იყო. ის პირველ ტაიმში პროტესტის გამო გააფრთხილეს, ხოლო კარში ერთხელ დაარტყა, მეორე ტაიმის შუაში, როცა მეკარემ ადვილად აჯობა.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 51 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 მაისს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, „ბოლონიაზე“, რომელიც 67 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან ახლოსაა. ამისთვის საკმარისია, ამ ტურში „რომამ“ „ატალანტა“ ვერ დაამარცხოს, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, ფაქტია, „ბოლონია“ უპირატესობას არ გაანიავებს და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111516