ფეხბურთი

18:18 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - პსჟ მბაპეს გარეშე უფრო ძლიერი იქნება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს გარეშე პსჟ უფრო ძლიერი იქნება.

ესპანელმა მბაპეს წარმატებები უსურვა, მაგრამ ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მის გუნდს არ დაასუსტებს:

„კარგა ხანია ყველამ ვიცოდით, რომ კილიან მბაპე პსჟ-ს ტოვებდა. ჩვენთვის არაფერი იცვლება, მას საუკეთესოს ვუსურვებთ. ჩვენ მბაპეს გარეშე? ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით. ჩაინიშნეთ ჩემი სიტყვები: პსჟ უფრო ძლიერი იქნება.

მბაპეზე და მის ძმაზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. მესმის მისი გადაწყვეტილება, აქ 7 წელი გაატარა, კლუბის ლეგენდაა, ყველაფერი გააკეთა პსჟ-სთვის. ჯერ არ უთქვამს, თუ სად წავა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისედაც ნათელია. მას წარმატებებს ვუსურვებ, როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს.

ჩვენი სპორტი იმდენად კომპლექსურია, რომ გუნდები, რომლებსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ, ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. ეს დიდი ხანია ვიცით და ზოგად სურათს არ ცვლის. ჩემი ყველა გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიხედვით, რისიც მჯერა და რაც მგონია, რომ გუნდისთვის უკეთესია. განურჩევლად ფეხბურთელებისა, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით.

ჩავარდნილი სეზონი? ვეცდები თავაზიანი ვიყო: რამდენი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე? არ იცით რამდენი? დიდი იმედი გვქონდა, რომ ფინალში გავიდოდით და ვფიქრობ, რომ შედეგი არ ასახავს იმას, რაც დავიმსახურეთ. ეს მარცხი ყველასთვის მძიმე დარტყმა იყო. ვფიქრობ, რომ 100%-ით დავიხარჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგში არ აისახა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ-დან წასვლა ოფიციალურად დააანონსა და ზაფხულში დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.

0.116944