„პარი სენ-ჟერმენს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კილიან მბაპე დატოვებს. ეს ინფორმაცია ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პირადად ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც მან აღნიშნა, პარიზში გაიზარდა, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი, მაგრამ ახლა დამშვიდობების დრო დადგა:
„ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა დრო მოვიდოდა, ვისაუბრებდი. ეს ჩემი ბოლო წელია პსჟ-ში, თავგადასავალი რამდენიმე კვირაში დასრულდება. კვირას „პარკ დე პრენსზე“ ბოლოჯერ ვითამაშებ. ბევრი ემოცია და მრავალი წელი იყო, მქონდა შანსი და დიდი პატივი, რომ უდიდესი ფრანგული გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი, ვითამაშე დიდი ზეწოლის ქვეშ, გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი საუკეთესოების გვერდით ყოფნით“, - აღნიშნა ვიდეო მიმართვაში კილიანმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან დღემდე 306 მატჩში 255 გოლი გაიტანა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ უდიდესი ალბათობით, ის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.