ფეხბურთი

19:14 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენის" მორიგი რეკორდი, გოლები ბოლო წუთებზე და წინ ორი ფინალი

ლევერკუზენის „ბაიერს“ წარმოუდგენელი სეზონი აქვს - ისტორიაში პირველად ბუნდესლიგა მოიგო, გერმანიის თასის ფინალშია, სადაც „კაიზერსლაუტერნთან“ აშკარა ფავორიტია და ევროპა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც „ატალანტას“ შეხვდება.

მოკლედ, ჩაბი ალონსოს გუნდს დიდი შანსი აქვს სეზონი სამი ტიტულით დაასრულოს, თანაც ისე, რომ ერთხელაც არ წააგოს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ლევერკუზენმა“ 49 მატჩი ჩაატარა და მარცხი საერთოდ არ განუცდია.

არადა, „ფარმაცევტები“ რამდენჯერმე ახლოს იყვნენ მარცხთან, მაგალითად გუშინ, როცა „რომასთან“ 82-ე წუთამდე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ფრე მაინც გაახერხეს და გამათანაბრებელი გოლი 97-ე წუთზე გაიტანეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ და დამატებულ დროსაც თუ გავითვალისწინებთ, „ლევერკუზენს“ ამ სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალონსოს გუნდმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა, რაც საოცარი შედეგია.

ტოპლიგებში ერთ სეზონში წაუგებელი მატჩების რეკორდი „ლევერკუზენმა“ რამდენიმე ტურის წინ დაამყარა (44), როცა „იუვენტუსის“ მიერ 2011-2012 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, მაგრამ თუ ტოპლიგებთან ერთად, სხვა ჩემპიონებსაც მივიღებთ მხედველობაში, ეს რეკორდი გერმანულმა გუნდმა გუშინ დაამყარა, როცა სეზონში 49-ე მატჩი არ წააგო და გააუმჯობესა „ბენფიკას“ შედეგი, რომელმაც 1963-1964 წლების სეზონში 48 მატჩი არ წააგო.

„ლევერკუზენი“ ევროპა ლიგის ფინალში 22 მაისს „ატალანტას“, ხოლო გერმანიის თასის ფინალში 25 მაისს, „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდება.

0.118529