მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „სანტიაგო ბერნებეუზე“ 90 წუთი ძალიან დიდი დროა.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ 90 წუთი ძალიან გრძელია და ასე კიდევ ერთხელ იყო. კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. დავიდესთან (მისი შვილი და ასისტენტი - რედ) ვსაუბრობდი და განვიხილავდი სიტუაციას, ხოსელუს მოედანზე შეყვანის იდეა ორივემ გავიზიარეთ. ის საჯარიმოში ძალიან ძლიერი და სახიფათოა“, - თქვა ანჩელოტიმ.
მატჩის გმირმა ხოსელუმ კი განაცხადა: „ორი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, აღმოვჩნდი საჭირო ადგილას, საჭირო დროს. დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვიტანჯებოდით. საუკეთესო ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი ამ გოლების გატანაზე და რომც მეოცნება, ვერ გავიტანდი“.
„ბაიერნთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა ჯუდ ბელინგემმაც: „ჩემს თანაგუნდელებს აქამდეც ბევრი ფინალი აქვთ ნათამაშები. ზიდანი? ის ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო, ვეცდები გავაკეთო ის, რაც დიდმა ფეხბურთელებმა ამ კლუბისთვის უკვე გააკეთეს. „დორტმუნდთან“ ფინალი, რომელიც ინგლისში გაიმართება, ახდენილი ოცნებაა“.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ფინალში 1-ელ ივნისს, „უემბლიზე“ „დორტმუნდს“ შეხვდება.