ფეხბურთი

12:17 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ასეთი მატჩებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ, ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდით"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ასეთი მატჩებისგან სიამოვნება უნდა მიიღონ და მადლიერი იყონ, რომ მასში მონაწილეობის უფლება აქვთ.

„ერთი დღით მეტი გვქონდა მოსამზადებლად, ვიდრე მიუნხენური მატჩის დროს. ბიჭებს ვესაუბრე, გვქონდა ორი ტაქტიკური შეხვედრა და სპორტული სესია. საჭიროა ასეთი დღეებისგან სიამოვნება მივიღოთ, როგორც ბავშვებმა. როდესაც პატარები ვიყავით, მსგავს მატჩებს ეზოში ვთამაშობდით, ახლა კი, მადლიერი და ამაყი უნდა ვიყოთ, რომ ეს რეალობაც იქცა.

პირველი მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. აშკარაა, რომ ისინი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ ასევე ჩვენც. ფინალში გასვლა საჩუქარია, თუმცა ვალდებულებაც, მხოლოდ იმისთვის არ ვითამაშებთ, რომ ნახევარფინალისგან სიამოვნება მივიღოთ, არამედ ფინალში გასასვლელად. „უემბლიზე“ თამაშის სურვილი უნდა გვქონდეს.

როდესაც „ბერნაბეუზე“ მოვდივარ, პირველი ბუტრაგენიო მახსენდება. როდესაც ინტერნეტი არ იყო და საფეხბურთო წიგნებს ვკითხულობდი, გვერდებზე ის ყოველთვის იყო.

წლებია, რაც ტონი კროოსს თამაშის სადავეები ხელში აქვს, მაგრამ მხოლოდ ის არ თამაშობს, „რეალი“ ძალიან ძლიერია. ვიცით, რომ თამაშს გარდამავალი ფაზები ექნება, მოგვიწევს შეტევაც და თავის დაცვაც. საჭიროა თავდაჯერება, მაგრამ იღბალიც. ბურთის ფლობა ორივე გუნდს ძალიან კარგად შეუძლია.

არ ვფიქრობ, რომ თუ ფინალში ვერ გავალთ, ეს კრახი იქნება. თუ მწვრთნელი ფიქრობს, რომ მისი მუშაობა კარგად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში შეფასდება, მაშინ დიდი შანსია ის უკმაყოფილო დარჩეს. თუმცა, „ბაიერნის“ მსგავს დიდ კლუბებში მწვრთნელებს ყოველთვის შედეგით აფასებენ.

კეინი? დიდი ფეხბურთელი ვიყიდეთ. ის ინგლისის ნაკრების კაპიტანია და ყველაფერი მოიტანა, რისი იმედიც გვქონდა. დაიერი და დე ლიხტი? მათ მეოთხედფინალი ძალიან კარგად ჩაატარეს და იმსახურებენ, რომ ერთად ისევ ითამაშონ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 8 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.120924