ფეხბურთი

17:59 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "იმედი და დიდი შანსი გვაქვს, რომ ფინალში კიდევ ერთხელ გავიდეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კარგი შანსი აქვთ ფინალში გასვლისთვის, მაგრამ მეტოქეს დიდ პატივს სცემენ.

„უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საუკეთესო მხარეები ვაჩვენოთ. გვაქვს იმედი და დიდი შანსი, რომ ფინალში კიდევ ერთხელ გავიდეთ. სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც ბერია, ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. შეიძლება ეს იყოს კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო.

როგორც კლუბები, „რეალი“ და „ბაიერნი“ ერთმანეთს ჰგვანან. ისინი არიან კლუბები დიდი ისტორიით და ბევრი წარმატებით. ვფიქრობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ, რაც სწორია, მათ პირველი თამაში ძალიან კარგად ჩაატარეს, ჩვენზე უკეთესადაც.

დღეს საღამოს თუ არ შევიცვალე აზრი, ლუნინი ხვალ ითამაშებს. ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ფეხბურთელის გეგმა არ იცვლება სიტუაციის გამო. ტიბომ ითამაშა, რადგან კარგად იყო, მაგრამ გეგმა არ შეცვლილა, მან თავის საუკეთესო ფორმას უნდა მიაღწიოს.

2014 წლის გუნდიდან კიდევ გვყავს ფეხბურთელები, ბევრი არა, მაგრამ არიან. დრო ყველასთვის გადის, თუმცა ეს პერიოდი გუნდმა კარგად გადალახა, ისეთი დიდი ფეხბურთელის წასვლაც კი არ დაეტყო, როგორიც რონალდუა. ახალგაზრდებმაც ისწავლეს, როგორ უნდა მოიქცნენ მადრიდის „რეალში“.

„ბაიერნიდან“ გათავისუფლება ძველი ამბავია. როდესაც საქმეს აკეთებ და გაქვს იდეა, კლუბის ნდობა უნდა გქონდეს, როცა ეს მხარდაჭერა და ნდობა არ არის, უკეთესია დაშორება, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ჰიონესთან და რუმენიგესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ნდობის ნაკლებობის შემთხვევაში უმჯობესია დამშვიდობება, რათა პრობლემები თავიდან აირიდო.

ჩემი თამაშის ფილოსოფია? ვფიქრობ, რომ ფილოსოფია ყოველთვის უნდა მოერგოს ფეხბურთელებს. არ მინდა გუნდი, რომელსაც ერთადერთი იდენტობა ექნება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ბაიერნის“ მატჩი 8 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115803