ფეხბურთი

22:59 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოლი ზედიზედ მე-5 მატჩში, საგოლე პასი და წითელი ბარათი: მიქაუტაძემ "მეცს" ვერ უშველა (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია! ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, საგოლე პასიც მიითვალა, თუმცა, ცუდი ისაა, რომ წითელი ბარათიც მიიღო.

„მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში „რენთან“ ქულები გაანიავა, რადგან ორჯერ იგებდა და მოგება ნამდვილად შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, დამარცხდა.

ორივე გოლი მიქაუტაძის დამსახურებაა. მან ანგარიში მე-17 წუთზე ძალიან ეფექტური გოლით გახსნა, როცა სტივ მანდანდას საჯარიმოს გარედან აჯობა. სტუმრებმა 6 წუთში გაათანაბრეს, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგიმ გოლს საგოლე პასიც დაუმატა. მისი გადაცემით პაპე დიალომ გაიტანა და ლაშლო ბოლონის გუნდი დაწინაურდა.

მეორე ნახევარში „რენმა“ პენალტით გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი, კალიმუენდომ „რენს“ მოაგებინა. 95-ე წუთზე მიქაუტაძემ წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, შესაბამისად, მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. თუმცა, მსაჯის გადაწყვეტილება ძალიან საკამათოა.

გიორგი მიქაუტაძემ მიჯრით მეხუთე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამ მატჩებში 7 გოლი გაიტანა. სულ მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით ნახევარი სეზონი სხვა ჩემპიონატში, ერედივიზიონში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ გოლების საშუალო მაჩვენებლით (ნათამაშები მატჩებისა და გოლების შეფარდებით), მიქაუტაძე ლიგა 1-ში მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩება).

ტოპ ხუთ ლიგაში მიქაუტაძეს 2024 წელს პროცენტულად თავისი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 72%.

„მეცმა“ სულ 18 გოლი გაიტანა მიმდინარე წელს, 13-ში მიქაუტაძე მონაწილეობდა (10 გოლი, 3 საგოლე პასი). შემდეგ მოდიან დუვან საპატა (ტორინო), რომელმაც გუნდის 16 გოლიდან 10-ში მიიღო მონაწილეობა (63%) და დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), რომელმაც 20-დან 12 გოლში მიიღო მონაწილეობა (60%).

„მეცი“ 29 ქულით მე-16, პლეი-აუტის ადგილზეა და დიდი ალბათობით, ლიგაში დასარჩენად ბრძოლა ლიგა 2-ის მესამე ადგილოსანთან პლეი-ოფში მოუწევს. ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 12 მაისს, სტუმრად „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.

0.061035