საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს ისევ შეიცვლის.
ცნობილი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშე გამოცემა Foot01-ში წერს, რომ გიორგით „მარსელი“ და „ლიონი“ არიან დაინტერესებული. „მარსელის“ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას 23 წლის ქართველი ძალიან მოსწონს, ხოლო „ლიონში“ მას კარგად იცნობენ, რადგან ამ კლუბის აკადემიაში დაიწყო თამაში.
თუმცა, ჟურნალისტი ასევე იტყობინება, რომ შეიძლება საქმეში „რენიც“ ჩაერთოს, რომელიც მიქაუტაძით დაინტერესებული გასულ ზაფხულსაც იყო. როგორც ტუბაშე იტყობინება, შეიძლება „მეცმა“ მიქაუტაძე 10 მილიონ ევროდ „აიაქსიდან“ გამოისყიდოს, თუ ლიგა 1-ში დარჩება, ხოლო შემდეგ ოდნავ მეტ თანხად „რენში“ გაყიდოს - არსებობს ეს ვარიანტიც.
ფაქტი ისაა, რომ მიქაუტაძე „აიაქსში“ არ დაბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. მან ნიდერლანდებში ფეხი ვერ მოიკიდა, არც თვითონ სურს იქ დაბრუნება და არც „აიაქსს“ სჭირდება. ამდენად, მომდევნო სეზონიდან გიორგი მიქაუტაძეს ისევ ლიგა 1-ში უნდა ველოდოთ, ოღონდ, ბევრად უფრო მაღალი დონის კლუბში, ვიდრე „მეცია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ კი, საგოლე პასი გააკეთა.