ფეხბურთი

18:54 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "მეტი სათამაშო დრო მინდა, მაგრამ მცველითვის იტალია იდეალური ადგილია"
საბა საზონოვის ვრცელი ინტერვიუ

„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი JD Store ღონისძიებას დაესწრო, სადაც ჟურნალისტებთან იტალიურ ენაზე ისაუბრა.

როგორც საბამ თქვა, იმედი აქვს, რომ მოედანზე მალე დაბრუნდება. ქართველი მცველი ამჟამად ტრავმირებულია და დღეს „ბოლონიასთან“ ვერ ითამაშებს.

- როგორ ხართ?

- კარგად, უკეთესად. იმედი მაქვს, რომ „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ სირბილს დავიწყებ, გამოვჯანმრთელდები და გუნდთან ერთად ვივარჯიშებ.

- სეზონის ბოლოა და შეაფასეთ თქვენი პირველი სეზონი „ტორინოში“...

- 12 მატჩი ვითამაშე და ჩემი აზრით, ბევრჯერ კარგადაც. ვითამაშე ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც „რომა“, „ინტერი“ და „ლაციოა“. ვფიქრობ, პირველი წლისთვის კარგი იყო, თუმცა, უკეთესიც შეიძლებოდა. ამ დროისთვის მაინც კარგია, მაგრამ მინდა მეტი ვითამაშო, როგორც ყველა ფეხბურთელს სურს.

- რა ისწავლეთ, რაც აქამდე სხვა ჩემპიონატებიდან არ იცოდით?

- ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც სხვადასხვა ლიგაში თამაშობდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, სერია A საუკეთესო ჩემპიონატი მცველებისთვის, რადგან ძალიან ტაქტიკურია, ბევრი გოლი არ გადის, რადგან დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერია. ჩემთვის, როგორც მცველისთვის, იტალიური სკოლა საუკეთესოა.

- რაში გჭირდებათ გაუმჯობესება?

- ფიზიკურად ძლიერი ვარ, სწრაფიც, მაგრამ ტაქტიკის შესახებ უფრო მეტი უნდა ვისწავლო, რომელიც მნიშვნელოვანი და განსხვავებულია. მოსკოვის „დინამოში“ მხოლოდ 4 მცველით ვთამაშობდით, ახლა 5 მცველით ვთამაშობთ, არასდროს მითამაშია 3-მცველიან სქემაში, 1-1-ზე. იურიჩის ტაქტიკა ძალიან საინტერესოა, რადგან, როგორც ცენტრში, ისე მარჯვენა ცენტრალურ მცველად ვთამაშობ და ტაქტიკა განსხვავებულია.

- ალბათ, დასწრებაზე თამაშის გაუმჯობესება გჭირდებათ...

- დიახ. პირველად როცა ვითამაშე მარჯვენა ცენტრალურ მცველად, გავიგე მოძრაობები და ძალიან საინტერესო იყო, ახლა უფრო კარგად გავიაზრე ეს ნიუანსები.

- ახლა უფრო მეტ სათამაშო დროს ელოდებით?

- როგორც ვთქვი, ყველა ფეხბურთელს სურს ეს და ჩემი მენტალიტეტიც ასეთია, მინდა მეტი ვითამაშო და ძირითადის წევრი ვიყო. 12 მატჩი ვითამაშე, 4 ტური დარჩე და იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდი მოედანზე. ვიმედოვნებ, რომ ბოლო სამ მატჩში თამაშის შანსი მექნება, მინდა, ძირითადში ვიყო.

- გსურთ „ტორინოში“ დარჩენა?

- მინდა თამაში, მაგრამ სიტუაცია რთულია. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება.

- იურიჩის დარჩენაზეა დამოკიდებული?

- ჯერჯერობით, არაფრის თქმა არ მინდა (იღიმის - რედ).

- როგორ შეეგუე ტურინს?

- იდეალურად, სანქტ პეტერბურგში დავიბადე, რომელიც ტურინს მეტ-ნაკლებად ჰგავს, ცოტა ფრანგულ-იტალიურ ქალაქებს შორისაა. ტურინი არის ქალაქი, რომელიც მომწონს, მშვიდი ქალაქია, სადაც ოჯახებით ცხოვრებენ. ლამაზი ცენტრი აქვს, დიდი, ბევრი რესტორანია, სადაც შეგიძლია კარგი საჭმელი მიირთვა. აქ ყველაფერი იდეალურია.

- იცი, რომ ფანების კუმირი გახდი მას შემდეგ, რაც ტრამვაით იმგზავრე?

- დიახ, არ ვიცი რა უნდა ვთქვა.

- ფეხბურთელები ჩვეულებრივ მანქანებით სარგებლობენ და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით...

- მას შემდე, რაც ტრავმაში ფოტო გადამიღეს, მივხვდი, რომ ეს იტალიაში არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ მაგალითად მოსკოვში, სადაც დიდი მოძრაობაა, ძალიან ხშირად დავდიოდი ტრამვაით და მეტროთი.

- მოსკოვში უფრო სწრაფია საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აქ?

- ჩემთვის ერთი და იგივეა. შეგიძლია მერსედესით იმოძრაო ერთ დრეს და მეორე დღეს ტრავმა გამოიყენო.

- შეიძლება, სუძუკითაც...

- კარგი სუძუკით, ბოდიში (იღიმის და უყურებს მაისურს, ტორინოს სპონსორი იაპონური ავტომობილის კომპანიაა).

- იტალიაში ჩამოსვლამდე რა იცოდი დიდი „ტორინოს“ შესახებ და რა გითხრეს აქ?

- ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, დიდი ისტორიით. „დიდი ტორინო“ ყოველთვის კარგად თამაშობდა, 10-მდე ფეხბურთელი ჰყავდა ნაკრებში. დიდი ისტორია აქვს.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა. მას ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.115457