იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, ვინც შეიძლება „ტორინო“ ზაფხულში დატოვონ.
სიაში საბა საზონოვიც მოხვდა, რომელსაც „ხარების“ რიგებში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. მოსალოდნელია, რომ ტურინელები საბას გაანათხოვრებენ, რათა სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება მიიღოს.
„ლაზარო არ არის ერთადერთი ახალწვეულებიდან, ვინც შეიძლება მომავალ ზაფხულს გუნდიდან წავიდეს. შესაძლო წამსვლელებს შორისაა საბა საზონოვიც, რომელმაც მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიიღო და შეიძლება იჯარით გაუშვან. თუმცა, იტალიაში ქართველი მცველის პირველი გამოცდილება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც საბოლოო კრახი“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა „ტორინოში“ დღემდე 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. მას ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.