ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთხელ, ისიც 26 წლის წინ დაფიქსირებულა, პლეი ოფის სერიაში 0:2 ჩამორჩენილ გუნდს საბოლოოდ 3:2 რომ გაემარჯვოს. ეს 1998 წელს, საქართველოს მე-8 ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მოხდა, რომელშიც სერიაში 0:2 ჩამორჩენილმა თბილისის “ვითამ” ზედიზედ 3 მატჩი მოუგო რუსთავის “აზოტს” და ჩემპიონი გახდა. ასეთი ფაქტი მეორედ მიმდინარე სეზონში, კონკრეტლად კი დღეს დაფიქსირდა, რომელსაც საფუძველი 26 და 27 აპრილს ჩაეყარა, როცა მეოთხედფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენილმა გაუ-მ ორბს ტყიბულში 2 მატჩი მოუგო.
სერიის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი თბილისი არენაზე დღეს გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალში გადიოდა. ეს გუნდი აღმოჩნდა გაუ, რომელმაც ორბს ზედიზედ მე-3 მატჩი მოუგო და ისტორიული შედეგი გაიმეორა. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად, ზედმეტი ნერვიულობისა და გართულებების გარეშე მოიგო.
ორბი სუპერლიგის დებიუტანტი გახლავთ, რომელმაც უმაღლესში თამაშის უფლება შარშან, “ა” ლიგის მოგებით მოიპოვა. პირველსავე სეზონში, ორბმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და რეგულარულ ჩემპიონატში 20-დან ნახევარი მოიგო. ისევე როგორც გაუ-მ, თუმცა გაუ-ს ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსი ჰქონდა და მოედნის უპირატესობა ჰქონდა. ეს ფაქტორი თავიდან ვერა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, გაუ-მ სათავისოდ კარგად გამოიყენა. მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა, მართალია სერიის საწყისი მატჩები 21 და 22 აპრილს წააგო, თუმცა მოედნის უპირატესობა გასვლითი მოგებებით დაიბრუნა და დღევანდელ მატჩში ისტორიული შედეგი გაიმეორა.
მატჩის საბოლოო შედეგია 82:69 (სტატისტიკა). ორბი საწყის წუთებში, მინიმალური სხვაობით 3-ჯერ იგებდა, თუმცა პირველი პერიოდის ბოლოს გაუ-ს ლეგიონერებისა და მათი თანაგუნდელების დამსახურებით მასპინძლებმა საწყისი პერიოდი 22:17 მოიგეს და თითქმის ასეთი ანგარიში დაფიქსირდა მეორე ათწუთეულშიც – 21:17. დიდ შესვენებაზე გაუ 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა და მესამე პერიოდში თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. თევის სმიტო ბასებით ამარაგებდა აიზია სმოლსა და ენდრიუ ლუისს, რომლებიც ბურთებს ბურთებზე აგდებდნენ. აცილებული ბურთების უმეტესობა კი სმოლის ნადავლი ხდებოდა, რომელმაც საბოლოოდ 17 მოხსნა დააგროვა.
მესამე პერიოდი გაუ-მ 18:11 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდა. თამაში ისე დასრულდა, ორბი მეტოქეს 10 ქულითაც კი ვერ მიუახლოვდა. გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 11 მოხსნით თევის სმიტო გამოირჩა, აიზია სმოლმა 11 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, 12 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა ივანე მეგენეიშვილის ანგარიშზე. ენდრიუ ლუისმა შეხვედრა 17 ქულითა და 5 პასით დაასრულა. ორბში 22 ქულითა და 4-4 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო კენი კუპერი, ჯონ ნეიგლიმ 16 ქულა და 9 მოხსნა, ხოლო მაიკლ ედვარდსმა 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
გაუ-ნახევარფინალში ქუთაისსა და რაშს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს გუნდები მეოთხედფინალური სერიის მე-5. გადამწყვეტ მატჩს 1 მაისს, ქუთაისში ითამაშებენ.
GBF.GE