ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
გურულმა ფინალში რუს მეტოქესთან ბრძოლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა, რისი მიზეზიც უსამართლო მსაჯობა იყო. როგორც გაირკვა, მას ბრძოლამდე დიდძალი თანხაც შესთავაზეს, რათა რინგზე საერთოდ არ გასულიყო.
„ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო. ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.
ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო. შორი დისტანციიდან რუსმა წააგო პირველი რაუნდი, მე ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.
მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას.
ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.
კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს“, - დაწერა გურულმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ევროპის ჩემპიონატზე 67 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს.