რაგბი

14:30 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მოწინავე სამეულმა ბონუსით მოიგო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მე-10 ტურში ლიდერთა დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ცხრილის პირველ საფეხურზე მყოფმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ მდევარ ‘აიასთან’ 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და მორიგ ტურში, „აია არენაზე“, ‘აია’-‘ლელოს’ შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ცხრილში მესამე პოზიციას მყარად ‘აკადემია’ ინარჩუნებს, რომელიც რიონისპირელებს კვლავ 11 ქულით ჩამორჩება.

ცხრილის მე-4 პოზიცია ‘ბათუმმა’ გაიმყარა და მდევარ ‘წიქარას’ 8 ქულით გაუსწრო. თავის მხრივ ‘წიქარამ’ ქულათა სხვაობა ‘არმიასთან’ 3-მდე გაზარდა. „არმიელები“ ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ ‘ხარებთან’ 5-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებენ. პირველობის დებიუტანტი და აუტსაიდერი ‘ტაო’ კი კვლავაც ელიტაში პირველი საცხრილო ქულის მოლოდინშია.

ასპინძაში, ‘ტაომ’ მოსალოდნელისამებრ ფავორიტ ‘ლელოს’ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ჩემპიონი მატჩის პირველივე წუთებიდან განუზომელ უპირატესობას ფლობდა, მესხებს 21 უპასუხო ლელო დაუდო და მიმდინარე სეზონში ელიტაში ყველაზე სოლიდური სხვაობით იმარჯვა – 139:0. პაატა მაისურაძის არყოფნაში ელიტის ლიდერს კვლავ ბექა ყორიაულმა უთავკაცა და აუტსაიდერს სეზონის მეორე შეხვედრაც სამნიშნა ციფრით და „მშრალი“ ანგარიშით მოუგო. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე მგეზავ გიორგი გაბუნიას ლელომ დაუდო, წერტილი კი მღლეტელ ნიკოლოზ ზარნაძის გატანილმა ლელომ დაუსვა. ჩემპიონის მარბიელმა შოთა გვრიტიშვილმა კი „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. ‘ლელომ’ პირველობის ყველა შეხვედრა მოიგო და პრემიალური ქულის არება მხოლოდ 3 მატჩში ვერ მოახერხა.

‘ლელოს’ მდევარი ქუთაისის ‘აია’ ქვემო ქართლის დედაქალაქში, „ხარები არენაზე“ ‘ხარებს’ ესტუმრა. ქვემო ქართლელებს უმეტესად დაცვაში მოუხდათ თამაში და პირველ ტაიმში ფავორიტი რიონისპირელები ფრთა გიორგი მუშკუდიანის გარდასახულ ლელოს დაჯერდნენ.

მეორე ტაიმში ‘აიამ’ ტემპს უმატა და მასპინძლებს კომბინაციურ სტილში კიდევ 5 უპასუხო ლელო დაუდო. გიორგი მუშკუდიანმა კი ნამდვილი ბენეფისი მოიწყო და მატჩი „პენტა თრიკის“ / 5 ლელო / შესრულებით ჩაამთავრა. ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭებმა შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით – 38:0 მოიგეს და დაგეგმილი ბონუსიც უპრობლემოდ აიღეს.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’-‘წიქარას’ შეხვედრამ პირველი წრის მსგავსად უკომპრომისო ბრძოლაში ჩაიარა. პირველ ნახევარში, ფულბეკი კაპიტნის მათე მახარაძის გატანილი ჯარიმითა და ფრთა გიგი აბაშიძის გარდასახული ლელოს წყალობით მასპინძლები 2-გზის დაწინაურდნენ, თუმცა სტუმართა მხრიდან ბურჯ ბექა ტაბატაძისა და ფრთა ლუკა ხაბალაშვილის გატანილმა ლელოებმა (გარდასახვები ზუსტად ჰავბეკმა იოანე სამსონიძემ შეასრულა) ‘წიქარას’ ტაიმი 14:10 მოაგებინა.

მეორე ნახევარში ‘ბათუმი’ გააქტიურდა და საწადელს მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე მიაღწია. ‘წიქარას’ ცუდად მოგერიებულ ოვალი ხელთ მასპინძლებმა იგდეს და მოკლე, სწრაფი კომბინაცია ლელოთი ბათუმელთა მხტომელმა ალენი ტარიელაძემ დააგვირგვინა. მათე მახარაძის ზუსტმა გარდასახვამ ‘ბათუმი’ ანგარიშში 3 ქულით დააწინაურა. შეხვედრის დასკვნით ნაწილს სრულად გელა ჭოველიძის ბიჭები აკონტროლებდნენ და სინბინის მიუხედავად, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა აჭარლებმა სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი არ მისცეს. ‘ბათუმმა’ – 17:14 იმარჯვა და რეზო ქოქოლაძის გუნდი ნუგეშ-ქულას დააჯერა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ‘აკადემია’ და ‘არმია’ დაუპირისპირდა. პირველი ნახევარი „მხატვართა“ სრული უპირატესობით წარიმართა. თამაშის უკეთესი ორგანიზაციის მქონე ‘აკადემია’ დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, ოვალს სწრაფად და თან ეფექტურად შლიდა. ფულბეკ სანდრო რობაქიძის გატანილ ლელოს, ‘აკადემიას’ შუამარბმა დემეტრე დევდარიანმა „დუბლი“ დაურთო. დევდარიანმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და მასპინძლები შესვენებაზე 21-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მატჩის მეორე ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და მეტოქეებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს. თავი ჯერ მარქაფადან ჩართულმა „არმიელთა“ ფულბეკმა დავით ბაქანიძემ გამოიჩინა. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კი პრემიალური ქულის მომტანი ლელო „მხატვართა“ მხტომელმა რეზი მათიაშვილმა გაიტანა. ‘აკადემიამ’ პრინციპულ მეტოქეს სეზონში მეორე შეხვედრაშიც აჯობა, ამჯერზე კი ბონუს-ქულის თანხლებით – 26:7.

RUGBY.GE

0.119651