‘ტაო’-‘არმიას’ პირველი ლიგის სატიტულო შეხვედრა „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. გუნდებს მრავალრიცხოვანი ქომაგის მხარდაჭერა არ დაკლებიათ. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა რაგბის თამაშის სპორტული კოდექსი სრულად დაიცვეს და დამსწრე საზოგადოებას უშეღავათო, დრამატულ ბრძოლაში ნამდვილი სარაგბო ზეიმი მოუწყეს.
‘ტაომ’ რეგულარულ სეზონში დამაჯერებლად იპირველა და თან ‘არმიას’ ორივე შეხვედრაც მოუგო (29:24 და 38:21). მესხებმა შესარჩევ ფინალში უშანსოდ წყალტუბოს ‘დინოზავრი’ დატოვეს და ლიგის დიდ ფინალს პირველებმა უწიეს. ჯგუფური ეტაპი ‘არმიამ’ მე-4 პოზიციაზე ჩაამთავრა და ფინალში გასასვლელად, პლეი ოფში 3 შეხვედრის ჩატარება მოუხდა. ლაშა ბაირამაშვილის ბიჭებმა გზიდან ჯერ ‘ლოკომოტივი’ და ‘გორი’ ჩამოცილეს, წინასწარ ფინალში კი სტუმრად ‘დინოზავრი’ სოლიდური სხვაობით დაამარცხეს.
ფინალური მატჩის საწყისმა 10-წუთიანმა მონაკვეთმა ‘ტაოს’ იერიშებში ჩაიარა. მე- 6 წუთზე, მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მესხებმა დერეფანში ივარგეს, კარგი მოლი ჩამოაყალიბეს, საიდანაც დროულად გამოტანილი და სწრაფად გაშლილი ოვალი ლელოდ ‘ტაოს’ მღლეტელმა ნიკა კაპანაძემ აქცია. მესხთა მგეზავ ლუკა ზუხბაიას მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა – 5:0.
პირველი ტაიმის დარჩენილმა ნახევარმა საათმა კი ‘არმიას’ სრული უპირატესობით ჩაიარა. „არმიელებმა“ ჯერ ლეგენდარული ბორჯღალოსანის გიორგი შკინინის სინბინით ისარგებლეს (‘ტაოს’ 41 წლის ფულბეკი „გოშა“ მეტოქის შეტევის განზრახ ჩაშლისთვის იქნა დასჯილი). „არმიელთა“ სამხრეთ აფრიკელმა ფულბეკმა მელს პიტერსმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი სწრაფი კომბინაციის შედეგად თანაგუნდელი მარბიელის ამირან სახელაშვილის დადებული ლელო მახვილი კუთხიდან ზუსტად გარდასახა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე, ‘არმიამ’ მეტოქის დერეფანში იხეირა და მოკლე, სწრაფი კომბინაცია ლელოთი ფრთა საბა ილურიძემ დააგვირგვინა. პიტერსმა მახვილი კუთხიდან კვლავ ზუსტად გარდასახა, რამაც „არმიელებს“ პირველი ნახევარი 17:5 მოაგებინა.
მეორე ტაიმის საწყისმა 10-მა წუთმა სარაგბო ჯაჯგურში ჩაიარა, რის შემდგომ მეთოდურად ‘ტაოს’ უპირატესობა გამოიკვეთა. მესხებმა თამაში დაალაგეს, თერნოვერებსა და უნებლიე შეცდომებს უკლეს, საკუთარ იერიშებს კი მეტი სიმწვავე შემატეს, რაც საათის თავს 2 გარდასახულ ლელოში ასახეს. მეტოქის 5-მეტრიანთან, ხეირის მომენტში ზუხბაიას ფეხით გამოზომილად და ეფექტურად დაკიდებული ოვალი ლელოდ ‘ტაოს’ შუამარბმა ივანე ხელაიამ აქცია. 61-ე წუთზე კი „არმიელთა“ უხეშ შეცდომას, მესხების დერეფანი, კარგად შეკრული მოლი და მარქაფადან ჩართული კვაჭის გივი მაწკეპლაძის გატანილი ლელო მოჰყვა. ლუკა ზუხბაიამ ორივე გარდასახვა გამოიყენა და კარგა ხნის პაუზის შემდეგ ‘ტაო’ ანგარიშში დააწინაურა – 19:17.
77-ე წუთამდე მეტოქეებმა თითო ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ჯერ „არმიელთა“ მოლით მიძალებისას, ტაოს’ ჰავბეკმა რეზი ბროძელმა მეტოქეს ოვალი ზედ ჩათვლის მოედნის ხაზსთან აართვა, შემდეგ კი მესხთა მგეზავ ლუკა ზუხბაიას კარებში გასატანი ჯარიმა გაუცუდდა.
ფინალის კულმინაციად 77-ე წუთი იქცა. ‘არმიამ’ მეტოქის კარიდან 40 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავა, თუმცა მერლს პიტერსს ნერვებმა უმტყუნა და ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ოვალს ძალა დააკლო. „გაწითლებულ“ დროში კი „არმიელთა“ უხეშ შეცდომას, მარქაფადან ჩართული ‘ტაოს’ მღლეტელის დავით მაჭარაშვილის გატანილი ლელო მოჰყვა. ლუკა ზუხბაიამ ზუსტი გარდასახვით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 26:17. ‘ტაომ’ ისტორიული გამარჯვებით ლიგის ტიტული მოიგო და დიდ 10-ში თამაშის უფლება კლუბის 8-წლიან ისტორიაში პირველად მოიპოვა.
2016 წელს დაარსებული სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ რეგიონის 6 ქალაქის (ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა და ბორჯომი) მუნიციპალიტეტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. გუნდის შექმნაში უდიდესი წვლილი სრკ-ს ყოფილ გენერალურ მდივან ირაკლი გვენეტაძეს მიუძღვის, ვინაც დღემდე ‘ტაოს’ პრეზიდენტის პოსტს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მადლიერმა მესხმა გულშემატკივარმა ისტორიული გამარჯვება ქართული რაგბის დიდი ქომაგისა და გვენეტაძეების ოჯახის მდიდარი სარაგბო ტრადიციების ფუძემდებლის, ახლახანს გარდაცვლილი ნოდარ გვენეტაძის (ირაკლი გვენეტაძის მამის) ხსოვნას მიუძღვნა და მატჩის შემდეგ მოედანზე შესაბამისი ბანერიც განათავსა. ‘ტაოს’, დაარსების დღიდან უნარიანად და ნაყოფიერად თავკაცობს მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი. ბორჯღალოსანთა ყოფილ დამრიგებელს გუნდის გაძღოლაში დიდ დახმარებას უწევენ ბორჯღალოსნები: „ცუნცულას“თანაშემწე და მისი „მარჯვენა ხელი“ სანდრო ესაკია და გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი გიორგი შკინინი.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჟიურიმ ‘ტაოს’ ჰავბეკი რეზი ბროძელი დაასახელა. გუნდების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა სრკ-ს პირველმა პირებმა, პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ და კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა მიიღეს. ‘ტაოს’ კაპიტანმა ბექა არველაძემ ლიგის საჩემპიონო თასი ქართული რაგბის თემის თავკაცის სოსო ტყემალაძის ხელიდან ჩაიბარა.
ქვეყნის ექს-ჩემპიონ ‘არმიას’ 5-წლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნების კიდევ ერთი შანსი ექნება. პლეი აუტში, „არმიელებს“ დიდი 10-ის მე-9 ადგილოსან ოზურგეთის ‘არწივებთან’ ურთიერთობის გარკვევა 2-მატჩა დაპირისპირებაში მოუწევთ. მეტოქეთა პირველი რკენა 12 აპრილს დედაქალაქში გაიმართება.
RUGBY.GE