იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ „რომას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ნეაპოლელები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულით დაკმაყოფილება მოუწიათ.
„რომა“ პაულო დიბალამ დააწინაურა, რასაც მალევე მატიას ოლივერამ უპასუხა. 84-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც ვერ მოიგეს, რადგან ბოლო წუთზე ტამი აბრაჰამმა გაათანაბრა.
კვარაცხელია აქტიურობდა, ორჯერ საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ერთხელ მეკარემ ითამაშა საოცრად, ერთხელ ქართველმა კარგად ვერ დაარტყა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლი“ 50 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება. ეგ კი არა, მე-7 ადგილს 5 ქულა აშორებს, სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტურიღა დარჩა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ ჩაატარებს.