ძიუდო

15:42 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ღირსეული დასასრულის მოლოდინი - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

ინდივიდუალური ასპარეზობის მსგავსად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურშიც შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენი ქვეყნის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ტურნირის ოქროს მედლით დასრულებას ეცდება.

ქართველი ძიუდოისტები პირველი წრიდან თავისუფალი იყვნენ, შემდეგ კი იტალია დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხეს. საქართველოდან გამარჯვებები გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, და ორჯერ ლაშა ბექაურმა მოახერხეს.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდი მასპინძელ ხორვატიას შეხვდა, რომელსაც მარტივად, 4:1 აჯობა. ერთადერთი ბრძოლა მარიამ ჭანტურიამ დათმო და ხორვატია დაწინაურდა, თუმცა ქართველებმა 4 დაპირისპირება მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები საფრანგეთს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრშიც ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 7 მედალი მოიპოვა, საიდანაც ოქროს დაეუფლნენ ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, ვერცხლს ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი, ხოლო ბრინჯაოებს ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი.

0.13736