‘წიქარა’-‘რუსთავის’ რეგიონული ლიგის ფინალი ნეიტრალურ მოედანზე, გორის ჭალის დასახლებაში მდებარე რაგბის არენაზე გაიმართა. რეგულარულ სეზონში ‘წიქარას’ ქვემო ქართლელები ორივე შეხვედრაში ყავდა დამარცხებული (36:18 და 19:13). ‘წიქარამ’ ფინალამდე პირველობის ყველა შეხვედრა მოიგო და თან პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა გასულ სეზონშიც მოწინავე კვარტეტში მოხვდნენ, თუმცა პლეი ოფში წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს და ფინალს მიღმა დარჩნენ.
ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი ‘წიქარას’ სრული უპირატესობით წარიმართა. ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა პაატა რიკაძის ბიჭებმა საწყის 10 წუთში 10 უპასუხო ქულა აიღეს და შესვენებაზეც ხსენებული სხვაობით წავიდნენ. მატჩის დებიუტში ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ‘წიქარას’ ფრთა ლუკა ბურდულმა გაიტანა, ვინაც მცირე ხნის შემდეგ თანაგუნდელი კვაჭის გიორგი ამილახვარის მოლით დადებული ლელოც გარდასახა. ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ‘წიქარამ’ ხელიდან ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა გაუშვა. ‘წიქარას’ ფულბეკმა კლავდიუს ხუციშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა უხეიროდ დაარტყა.
ფინალური მატჩის ტრადიციულად თანმდევმა მღელვარებამ ფავორიტს ცუდი სამსახური გაუწია. შენელებული რაქის, არაერთი თერნოვერისა და რიგი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო, ‘წიქარამ’ საგრძნობი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის კომფორტულ სხვაობაში ასახვა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ‘რუსთავმა’ მეტოქის 22-მეტრიან ზონას პირველად მხოლოდ მეორე ტაიმში უწია.
მეორე ნახევარში ‘რუსთავმა’ თამაშის გათანაბრება მოახერხა, რაშიც ქვემო ქართლელებს თავდადება, ზურგქარი და ‘წიქარას’ 3 მორაგბის სინბინი დაეხმარათ. ‘რუსთავის’ ლიდერმა, რამაზ ხარაზიშვილმა მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში წყვილი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შუაში ‘წიქარას’ მრავალსვლიანი, სწრაფი კომბინაცია ალამთან ლელოდ ლუკა ბურდულმა აქცია. ბურდულს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და ‘წიქარა’ 77-ე წუთამდე 9 ქულიან უპირატესობას ფლობდა.
‘რუსთავი’ მარცხს არ ეგუებოდა და ჯერ 68-ე წუთზე ძმები ხარაზიშვილების სწრაფი გარღვევის შემდეგ, ქვემო ქართლელებს ლელომდე მცირედი დააკლდათ. მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე კი რამაზ ხარაზიშვილის მორიგ აქტიურობას, ფრთა ფრიდონ კილაძის დადებული ლელო მოჰყვა, რომელიც რამაზმა მახვილი კუთხიდან ვერ გარდასახა და ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულამდე შემცირდა.
დარჩენილ დროში ‘წიქარა’ უკეთ გამოიყურებოდა და მეტოქეს სახიფათო შეტევის განხორციელებისა და შეხვედრის ხსნის შესაძლებლობა არ მისცა. ‘წიქარამ’ მატჩი 15:11 მოიგო და კლუბის ისტორიაში პირველი ლიგის საგზური პირველად მოიპოვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ‘წიქარას’ დამრიგებლის პაატა რიკაძის ნაყოფიერი გარჯა. 44 წლის რიკაძემ დაბალანსებული, ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეკრა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თავის სადებიუტო სეზონშივე ‘წიქარას’ რეგიონული ლიგა მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წარმატებაში რიკაძეს დიდი სამსახური (თორნიკე მანთიძე, დიმიტრი კალანდაძე და ლაშა გოგიაშვილი) დამხმარე მწვრთნელთა სამეულმა გაუწია, რომელთაც სეზონის მანძილზე აქტიურად გუნდის მგეზავი დიმიტრი კიკნაძეც ეხმარებოდა.
მარცხის მიუხედავად, ‘რუსთავმა’ პირველი ლიგის საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. ძმები აქუბარდიების შეგირდებს პლეი აუტში პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან ქუთაისის ‘ბაგრატთან’ 2-მატჩა დაპირისპირება ელით. 2 მატჩის ჯამური შედეგით წყვილში წარმატებული გუნდი მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს. მეტოქეთა პირველი რკენა ქვემო ქართლის დედაქალაქში, „ხარები არენაზე“ გაიმართება.
ფინალური შეხვედრის მონაწილე გუნდები სრკ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და კავშირის გამგეობის წევრმა ალექსანდრე ხვედელიძემ დააჯილდოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეულ ‘წიქარას’ კვაჭ გიორგი ამილახვარს სპეციალური პრიზი ხვედელიძემ გადასცა. ‘წიქარას’ კაპიტანმა ფრიდონ ვეშაგურმა კი რეგიონული ლიგის საჩემპიონო თასი თორნიკე გოგებაშვილის ხელიდან ჩაიბარა.
RUGBY.GE