ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს - ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ფინალში გასვლა შეძლო ილია სულამანიძემ. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ბელგიელი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან გამარჯვებით ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე რუსი მატვეი კანიკოვსკი იყო. ილიამ მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა გამოსვლა კარგად დაიწყო. ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი ორი მეტოქე - უნგრელი როლანდ გოზი და ბელგიელი სამი კოუჩი დაამარცხა, მაგრამ, აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ ლორის ტასიერს აჯობა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა.
ფინალში იყო კიდევ ერთი ქართველი გურამ თუშიშვილი. +100 კილოგრამში გურამმა ჯერ პოლონელ და გერმანელ ძიუდოისტებს მოუგო, შემდეგ კი რუს მოასპარეზე ტამერლან ბაშაევს აჯობა. ქართველმა ბაშაევი დროის ამოწურვამდე 20 წამით ადრე ვაზარზე დააგდო. თუშიშვილი ოქროს მედლისთვის კიდევ ერთ რუს მეტოქეს, ინალ ტასოევს შეხვდა, მაგრამ მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 7 მედალი მოიპოვა, საიდანაც ოქროს დაეუფლნენ ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, ვერცხლს ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი, ხოლო ბრინჯაოებს ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი.
28 აპრილს, ევროპის ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრში გაიმართება.