ძიუდო

16:22 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი წარმატებული დღე ზაგრებში: 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტების ინდივიდუალური გამოსვლები დღეს დასრულდება, ქართველი სპორტსმენები კი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ.

ერთადერთი დასანანი ფაქტი მესამე დღეს ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბექაურის ნაადრევი მარცხი იყო. თუმცა, ის მედლის მოპოვების შანს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმიურმა ჩემპიონმა გამოსვლა კარგად დაიწყო. ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი ორი მეტოქე: უნგრელი როლანდ გოზი და ბელგიელი სამი კოუჩი დაამარცხა. მაგრამ, აჯერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან ვაზარით წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ ლორის ტასიერს გაეჯიბრა და ახლა მეტოქის მოლოდინშია.

ამავე წონაში ორი ბრძოლა მოიგო გიორგი ჯაბნიაშვილმა. ქართველმა რომინელ ვლად ვისანს და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ლოვრე მრკოვიჩს სძლია, თუმცა აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

ფინალში გასვლა შეძლო ილია სულამანიძემ. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ბელგიელი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან გამარჯვებით ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური სტატუსის მქონე რუსი მატვეი კანიკოვსკი იქნება.

ფინალშია კიდევ ერთი ქართველი გურამ თუშიშვილი. +100 კილოგრამში გურამი შესანიშნავად გამოვიდა. მან ჯერ პოლონელ და გერმანელ ძიუდოისტებს მოუგო, შემდეგ კი ინდევიდუალურად მოასპარეზე ტამერლან ბაშაევს აჯობა. ქართველმა ბაშაევი დროის ამოწურვამდე 20 წამით ადრე ვაზარზე დააგდო. თუშიშვილი ოქროს მედლისთვის ასევე ინდივიდუალურად მოასპარეზე ინალ ტასოევს შეხვდება.

გოგონებში +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილმა 1 ბრძოლა მოიგო, თუმცა ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.

ამრიგად, საქართველოს მესამე საშეჯიბრო დღეს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი აქვს. პირველ ორ დღეს კი ჩვენმა ქვეყანამ 4 მედალი მოიპივა. ჩემპიონობა ტატო გრიგალაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა იზეიმეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სთ-იდან დაიწყება.

0.116816