ძიუდო

21:08 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეც ისეთივე შედეგიანი გამოდგა საქართველოსთვის, როგორც პირველი - ორივე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა თითო ოქრო-ბრინჯაო მოიპოვეს.

ამჯერად, ევროპის ჩემპიონის ტიტული ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფრანგი უმარ ჯალო, სერბი ისლამ სოგენოვი და უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა, რომელსაც 44 წამში იპონით აჯობა და ოქროს მედალი ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ტატო კარიერაში უკვე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

27 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრი დასრულდება, ხოლო 28 აპრილს, მედლები უკვე გუნდურში გათამაშდება.

0.114654